ამერიკის შეერთებული შტატები ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია. ამის შესახებ ელჩმა, კელი დგენანმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე გამოხატა შეშფოთება ამ საქმესთან დაკავშირებით, დაპატიმრების დროზე, თავად ბრალდებებზე და რა თქმა უნდა, გამოტანილი სასჯელზე. ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილებაში ჩარევის აღქმაც კი, პოლიტიკური ჩარევა ძირს უთხრის საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას, სასამართლოს მიუკერძოებლობისადმი საზოგადოების რწმენას, რაც უმნიშვნელოვანესია ძლიერი და ჯანსაღი დემოკრატიისთვის.
ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო ამ საქმეში პრობლემებს დაინახავდა და უფრო დასაბუთებულ გადაწყვეტილებამდე მივიდოდა. მათ თავიანთი გადაწყვეტილება მიიღეს და რა თქმა უნდა, ჩვენ საკმაოდ იმედგაცრუებულები ვართ“, - უთხრა ჟურნალისტებს ამერიკის ელჩმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, ლევან თევზაძის, მერაბ გაბინაშვილის და ნინო სანდოძის შემადგენლობით, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. სასამართლომ დაუშვებლად ცნო როგორც გვარამიას დაცვის, ისე პროკურატურის საკასაციო საჩივრები.
„ასეთ რეზონანსულ საქმეს დასაშვებადაც კი რომ არ ცნობ, უამრავი სამართლებრივი პრობლემის მიუხედავად, მეტყველებს იმაზე, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ არ მომხდარა ჩვენი საკასაციო საჩივრის შეფასება“, - განაცხადა გვარამიას ერთ-ერთმა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა.
2022 წლის 2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ძალაში დატოვა გვარამიასთვის მისჯილი სასჯელი - 3.6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ, ნიკა გვარამია დაპატიმრებული იყო „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ავტომობილის პირადი მიზნებისთვის გამოყენებისთვის (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენით, მას ბრალდების მეორე ეპიზოდზე - „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ნაწილში, მხოლოდ 50 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. სააპელაციო სასამართლომ მას ამ ეპიზოდზეც პატიმრობა მიუსაჯა.
