სამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ მათივე დაკვეთით, საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 6 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 56.2%-მა „ქართულ ოცნება“ დაასახელა.
„იმედის“ თანახმად, 10.7% ხმას კოალიცია „ლელო - ძლიერ საქართველოს“ მისცემდა, 10% - პარტიას „გახარია - საქართველოსთვის“, 9.5% - „კოალიციას ცვლილებისთვის“, 7.5% - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. 3.2% აქვს „გირჩს“, 1.8% - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, 1.1 % კი სხვა პარტიებს.
„ფაქტია, რომ მათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობაზე თანხობა თქვეს, კოლექტიური ნაცმოძრაობიდან დაწინაურდა „ლელო“ და გახარია. ისინი არიან მეორე და მესამე ადგილებზე“, - აღნიშნა კვლევის წარდგენისას პროპაგანდისტული არხის წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.
კვლევის მონაწილეებს ასევე ჰკითხეს, ქალაქში/მუნიციპალიტეტში, სადაც ისინი ცხოვრობენ, მერი იმსახურებს თუ არა ხელახლა არჩევას. „იმედის“ ინფორმაციით, თბილისში გამოკითხულთა 60%-მა განაცხადა, რომ იმსახურებს, 37%-მა თქვა, რომ არ იმსახურებს, ხოლო 3%-მა არ იცის, ან უარს აცხადებს პასუხზე.
„გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, 22 ივნისი-5 ივლისის პერიოდში ჩაატარა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ სრულწლოვან მოქალაქეებთან.
„ლელო - ძლიერი საქართველო“ კვლევას უნდობლობას უცხადებს. როგორც პოლიტიკური გაერთიანების გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, შედეგების გამოქვეყნების მიზანი ოპოზიციაში დაპირისპირების დათესვა და მოქალაქეთა განწყობებზე მანიპულაციაა.
„ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ყალბი რიცხვები საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მაშინ, როცა კლენდარულად და კონსტიტუციურად მოდის თვითმმართველობის არჩევნები, ივანიშვილი და რუსული რეჟიმი ემალება თვითმმართველობის არჩევნებზე მსჯელობას.
ჩვენ არაერთხელ, სანდო ორგანიზაციების გავლით ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევები იაგო კაჭკაჭიშვილის ხელმძღვანელობით და ვნახეთ, რომ რუსული რეჟიმი მარცხდება საპარლამენტო არჩევნებზეც და თვითმმართველობის არჩევნებზეც.
ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილს არ აქვს გამარჯვების შანსი დედაქალაქში და ეს ნაჩვენებია სულ ახლახანს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით. ბოიკოტის პირობებშიც კი, ივანიშვილი თბილისში მარცხდება კონკრეტული შედეგებით“, - განაცხაცდა კუპრაძემ.
მისი თქმით, მაისში, იაგო კაჭკაჭიშვილი ორგანიზაციის მიერ [„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“] ჩატარებულმა კვლევამ „გორბის“ კვლევისგან განსხვავებული შედეგები აჩვენა.
„მაისის პირობებში „ლელო - ძლიერი საქართველო“ თბილისში იღებს 25.8%-ს, „გახარია - საქართველოსთვის“ იღებს ალოკაციით - 29.6%-ს, „გირჩი“ -5.2%-ს და „ქართული ოცნება“ იღებს მხოლოდ და მხოლოდ 31%-ს.
ეს სტატისტიკა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ არის დამარცხების წინაშე მდგომი, პოლიტიკურად გაბანკროტებული პარტია, რომლის ერთადერთი შანსიც არის, გამოაქვეყნოს სიყალბე, მანიპულაცია მოახდინოს მოქალაქეების განწყობებზე და ამით შექმნას ხელოვნური დაპირისპირებები ოპოზიციურ ველზე“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
„ლელო - ძლიერი საქართველო“, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიასთან ერთად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. სხვა პროდასავლური პარტიები, მათ შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ლელოს“ კოალიციაში შემავალი ანა დოლიძის პარტია, 4 ოქტომბრის კენჭისყრას ბოიკოტს უცხადებს.
„რისიც ყველაზე მეტად ეშინია ბიძინა ივანიშვილს - ეს არის ბრძოლა ყველა ველზე, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა არის გარდაუვალი და ამაზე მიუთითებს ყველა ის პროპაგანდისტული სტრატეგია, რომელსაც ივანიშვილი ხელმძღვანელობს. ჩვენ გვაქვს საკუთარი გუნდის და მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანწილად ჩვენი ოპოზიციური საზოგადოების იმედი. ჩვენ შევძლებთ ივანიშვილის დამარცხებას მისსავე მოედანზე!“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
