ირაკლი ქადაგიშვილი უარყოფს, რომ სალომე ზურაბიშვილს „მოღალატე“ დაუძახა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნებიდან“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი უარყოფს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „მოღალატე“ დაუძახა იმ დროს, როდესაც ის 26 მაისის ღონისძიებაზე ტრიბუნასთან იდგა და სიტყვით გამოდიოდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„არ შეეფერებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას, არ შეეფერებოდა დღევანდელ ფიცის დადებას, არ შეეფერება საქართველოს“, - უთხრა ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას. „თვითონ ის სიტყვა არ ვიცი. სიტყვა მოღალატე არ თქმულა. შეიძლება ვიღაცამ თქვა ეგეთი სიტყვა, მაგრამ მე არ მითქვამს და არც გამიგია. მე გავაპროტესტე, მაგრამ ეგ სიტყვა არ ყოფილა“.

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას რომ პროტესტი მოჰყვა ადასტურებს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი. კითხვაზე, ვინ დაუძახა პრეზიდენტს მოღალატე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სიტყვებს ზუსტად ვერ აღიდგენს.

„სხვათა შორის, ბევრმა გამოხატა უკმაყოფილება და მათ შორის, ბევრმა ჩემმა კოლეგამ ტაშიც არ დაუკრა. არცერთ სიტყვასთან დაკავშირებით, რომელიც ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა (და ბევრმა თქვა, სხვათა შორის), ნამდვილად პროტესტი არ გამჩენია, იმიტომ, რომ ყველაფერი იყო სამართლიანი“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გააკრიტიკა. მისი თქმით, ხელისუფლება მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს ლანძღავს, მაშინ, როდესაც „მათ, ვინც, ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს დღემდე“, ეგებება და უფრთხილდება.

სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას. 19 მაისს, როდესაც მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი შესრულდა, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის მე-7 წლისთავი იყო. პრეზიდენტმა ოთხოზორიას და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული გიორგი ანწუხელიძის ოჯახებს ბოდიში მოუხადა.

„მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა. გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ - მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, ქართველობის წართმევას, გარყვნილებას და მაინც, საკუთარ შვილებს ევროპასა და ამერიკაში უშვებ, საქართველოში კი ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ეს სიტყვები წარმოთქვა უკმაყოფილების გამომხატველი შეძახილების ფონზე, რომელთა შორის ისმოდა - „9 აპრილს მე ვიბრძოდი ზუსტად რუსების წინააღმდეგ“.

მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არანაირი რეპლიკა არ აინტერესებს. მისივე თქმით, ირაკლი ქადაგიშვილს შეხვედრია და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).