უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი „ტელეგრამში“ ქართულად აქვეყნებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახების მიმართ სამძიმარს. ერმაკი წერს, საქართველოს და უკრაინას საერთო მტერი ჰყავს და ქართველი მეომრები მშვიდობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ბახმუტი - სტრატეგიული ქალაქის თავდაცვა გრძელდება! სასტიკი ბრძოლები ყოველ დღეა... სროლის ხმა მუდმივად ისმის. გარშემო სიბნელე, თითქოს ფრაგმენტი პირველი მსოფლიო ომიდან. გარშემო მტრის უამრავი გვამი, ისინი არც ცდილობენ ბრძოლის ველიდან მათ გაყვანას, ასობით მიტოვებული მტრის გვამი პატივის გარეშე...
ჩვენი მეომრები იბრძვიან თავგანწირულად! სამწუხაროდ, ჩვენც ვკარგავთ მეომრებს.
ბახმუტთან, ბოლო დღეებში მტრის ალყაში მოექცნენ ჩვენი უკრაინელი და 57-ე ბრიგადის ქართველი მეომრები. ცნობილია დაჭრილი ქართველი მეთაურის და ხუთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ. ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის!
თავისუფლება აერთიანებს საუკეთესო ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში! მე, ნამდვილად თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს! მადლობას ვიხდი ყველა მეომრის მიმართ, ვინც ჩვენთან ერთად იბრძვით! აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ თავისუფლებისთვის უკრაინასა და საქართველოში და დავამარცხოთ მტერი. მტერი ხომ ჩვენ ერთი გვყავს!
ბახმუტი - ტიტანების ქალაქია!“, - წერს ერმაკი.
3 დეკემბერს, ღამით, ქალაქ ბახმუტში, რუსეთის საოკუპაციო ძალების თავდასხმის შედეგად ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მოკლულები არიან ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა. ცხედრების გამოტანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგან ის პოზიციები, სადაც ისინი იბრძოდნენ, რუს სამხედროებს აქვთ დაკავებული.
გიორგი როინიშვილი, რომელიც ბახმუტში დაღუპული ქართველების ჯგუფში იმყოფებოდა, ამბობს, რომ მათი პოზიციების წინააღმდეგ შეტევის სამი ტალღა იყო, რომელთაგან ორი დანაკარგების გარეშე მოიგერიეს:
„ინტენსიური ცეცხლი წარმოებდა ავტომატური იარაღიდან და ტყვიამფრქვევებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან, სნაიპერებიდან. ორი შეტევა უდანაკარგოდ მოვიგერიეთ. დაახლოებით ნახევარსაათიანი შუალედის დროს, მე, ჩემი მეგობარი და მეთაური მარცხენა ფლანგზე გადავედით იმის სანახავად, თუ რა მდგომარეობა იყო, ფლანგიდან შემოგვივლიდნენ თუ არა რუსები. ეს ტყეში ხდებოდა. დაახლოებით 25-25 მეტრი გავიარეთ და წამოვიდა მესამე ტალღა, მოდიოდა ძალიან ინტენსიური ცეცხლი. ეს სამი კაცი ხოხვა-ხოხვით წავედით ჩვენი პოზიციებისკენ. იქიდანაც ცეცხლი წამოვიდა და დაახლოებით 15 წუთის შემდეგ შეწყდა. დავუძახეთ - ვიცით, რომ ჩვენები იყვნენ იქით და ვერ გავხსნიდით ცეცხლს. დავუძახეთ რომეო ფიჩხაიას, მაგრამ იქიდან ცეცხლი წამოვიდა. ორჯერ მივედით კიდევ ჩვენს პოზიციებამდე, მაგრამ ღამე იყო და ჩვენი პოზიციებიდან გვესროდნენ. აქედან გამომდინარე, იძულებულები გავხდით, რომ ბაზაზე ჩამოვსულიყავით.
დილით დრონები ავაფრინეთ და მათი საშუალებით დავინახეთ, რომ ჩვენი თანამებრძოლები დახოცილები იყვნენ, ხოლო ჩვენი პოზიციები აღებული - მტრის ჯარს ჰქონდა დაკავებული. ბიჭებმა ორი ტალღა ხომ მოიგერიეს და მესამე ტალღის დროს არ დათმეს პოზიციები, ნაბიჯიც არ ჰქონდათ გადადგული, ყველა თავის ადგილას იყო. ახლაც იქ არიან, ოღონდ დაღუპულები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოვიყვანოთ“, - თქვა გიორგი რიონიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.
უკრაინაში რუსეთის მიერ 24 თებერვალს დაწყებულ ომს უკვე 34 ქართველი ემსხვერპლა.