„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე ადასტურებს, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს მართლაც მოსთხოვეს „შესაბამისი რაოდენობის“ ბიტკოინების გადახდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
„ვადასტურებ, რომ ბრალდებულის ადვოკატთან მქონდა კომუნიკაცია და მას წარვუდგინე დაზარალებული მხარის შეთავაზება (ზუსტად ამ დასახელებით). შეთავაზების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ დაზარალებული მხარე გამოიჩენდა კეთილ ნებას და ბრალდებულს მიეცემოდა შეთავაზებაში მითითებული ოდენობით „დისკონტი“ (მას ბრალად წაყენებული აქვს 8986.8675 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება), თუკი წინასასამართლო სხდომამდე (როდესაც ჯერ კიდევ არ არის გარკვეული საქმე გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითი განხილვისათვის) ბრალდებულის მხრიდან მოხდებოდა შესაბამისი რაოდენობის ბიტკოინების მყისიერი დაბრუნება“, - ამბობს ივანიშვილის ადვოკატი.
თემო წიქვაძის განცხადებით, ადგილი ჰქონდა არა რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ მხარეთა შორის მორიგების მცდელობას.
„მიმაჩნია, რომ ბრალდებულის მხრიდან ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი, არის აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით თითქოსდა სკანდალური ინფორმაციის გავრცელება, რაც, ჩემი აზრით, ცალსახად მიუთითებს ბრალდებული მხარის პოზიციების სისუსტეზე“, - აღნიშნავს წიქვაძე.
დღეს, 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომის შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ 2023 წლის შემოდგომაზე ბიძინა იავნიშვილმა 5000 ბიტკოინის (დღევანდელი ღირებულებით - დაახლოებით 511 000 000 აშშ დოლარი) გადახდა შესთავაზა თავისუფლების სანაცვლოდ.
„თუ ამას არ გადავიხდიდი მაშინ, ყოველთვიურად ეს თანხა გაიზრდებოდა 500 ბიტკოინით. ამას ჰქვია „კრიმინალური შოჩიკი“, სხვა არაფერი“, - ბაჩიაშვილის თქმით, როგორც კი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები დაჩქარებულად დაიწყო.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობას გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა. მრავალი წლის განმავლობაში ის ივანიშვილთან ძალიან დაახლოებული პირი იყო და განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა.
2023 წელს ივანიშვილმა ბაჩიაშვილს პროკურატურაში უჩივლა. საქმე ეხება 8253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობით ისჯება. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. 2023 წლის 6 ივლისს სასამართლომ ბაჩიაშვილს 2.5 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.