პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის 39 მლნ დოლარის მითვისებას ედავება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ინტერპრესნიუსის ფოტო

საქართველოს პროკურატურა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინების მითვისებას ედავება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე პროკურატურამ ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 3 მილიონი ლარის შეფარდება მოითხოვა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს 2.5 მილიონი ლარის გირაო შეეფარდა, გარდა ამისა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურატურის თანხმობის გარეშე, ქვეყნის ტერიტორიის დატოვება აეკრძალა და გამოძიებისთვის საქართველოს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტების ჩაბარება დაევალა. 

გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც „თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 2013-2019 წლებში იკავებდა, წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

„არ ვარ დამნაშავე. დანაშაული არც არასდროს ჩამიდენია და შესაბამისად, გაურკვეველია, რატომ ვარ ამ პროცესში. გარდა იმისა, რომ ერთი პიროვნება მედავება, რომ რაღაც ყოფილა, საქმეში მტკიცებულებები არ არის“, - თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.

დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმის შესახებ გენერალურმა პროკურატურამ განცხადება დღეს გაავრცელა. უწყებამ ბრალდებული ინიციალებით მოიხსენია, დაზარალებულად ცნობილი ინვესტორის ვინაობის შესახებ კი არაფერი თქვა. მხოლოდ სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ მომჩივანი ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია.

„საქმე გვაქვს მარტივ მოცემულობასთან - ინვესტიციის ფარგლებში გამომუშავებული კრიპტოვალუტის მითვისებასთან და შემდგომ ამ აქტივის ლეგალიზაციასთან. გამოძიება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, როდესაც ინფორმაცია მივიღეთ. განცხადებით დაზარალებულის წარმომადგენელმა მოგვმართა და ბუნებრივია, ამის ფარგლებში, ისევე როგორც ნებისმიერ საქმესთან და გარემოებასთან დაკავშირებით, გამოძიება დავიწყეთ“, - განაცხადა საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

საქმის მასალების მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის, ანუ ბიძინა ივნიშვილის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა. ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას უცხოური კომპანია ახდენდა, ბაჩიაშვილის მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 2015 წლის ივლისში დადებული 1-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების ღირებულებად 6 305 000 აშშ დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხა 5 000 000 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო გიორგი ბაჩიაშვილის - 1 305 000 აშშ დოლარს.  სავარაუდოდ მისაღები მოგება მხარეთა შორის ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო.

„ერთწლიან პერიოდში გამომუშავებული იქნა 24 661.85 ბიტკოინი, საიდანაც ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8 253.13 ბიტკოინს შეადგენდა. ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარი იყო“, - აცხადებს პროკურატურა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, კრიპტოვალუტის მითვისების შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობა დაფარა და „მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის - 8 253.13 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია“ მოახდინა.

პროკურატურის საპასუხოდ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განაცხადა, რომ საქმეში დევს „ქართუ ბანკსა“ და ბაჩიაშვილის კომპანიას შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება, რომ კომპანიამ სესხის სახით აიღო 5 მილიონი, რომელიც ერთი წლის შემდეგ გადაიხადა.

„კიდევ უფრო დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ის, თუ რატომ დაინტერესდა გამოძიება ამ ფაქტით 8 წლის შემდეგ, მითუმეტეს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ბაჩიაშვილი მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე ისეთ კომპანიებში, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული იყვნენ დღეს დაზარალებულ პირთან“, - აღნიშნა ადვოკატმა.

გიორგი ბაჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.