ივანიშვილის ფული სასამართლოების ხელშია, რატომ უყვება ქართველებს სხვა ამბავს? - ამერიკის საელჩო

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ფოტო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა იცის, „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია, თუმცა საქართველოს მოსახლეობის წინაშე რეალობას სხვაგვარად წარმოაჩენს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საელჩომ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებული არ არის, თუმცა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები იმეორებენ, რომ ის დასავლეთის „დე ფაქტო სანქციების ქვეშაა“. ამ მიზეზით ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი უთხრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენს, რომელიც თბილისში მაისში იმყოფებოდა, არ შეხვდა სხვა უცხოელ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებსაც.

„ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე: ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო და სამწუხაროდ, ეს თანხა აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. ეს არის მისი ძალიან მკაფიო პოზიცია. როგორც კი დასრულდება ეს შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, მაშინვე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ო’ბრაიენმა დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილზე არანაირი სანქცია არ არსებობს. ამერიკელი მაღალჩინოსთვის თქმით, ის, რომ ივანიშვილის მსგავსი გავლენიანი ადამიანი ასე „არასწორად არის ინფორმირებული, შოკისმომგვრელი და გულდასაწყვეტია“.

„ის, რომ პრემიერი ამბობს, ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც საქართველოს ერთ-ერთი პარტნიორი ვერ შეხვდება ამ მოქალაქეს, არის ინდივიდუალური ინტერესის უფრო მაღლა დაყენება ქვეყნის კონსტიტუციურ ვალდებულებაზე - იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის“, - თქვა ო’ბრაიენმა თბილისში ვიზიტის დასასრულს.

ბიძინა ივანიშვილი ახლა უკვე გაკოტრებული შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის კლიენტი 2005-დან 2015 წლამდე იყო. ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოებში ის დავობს, რომ ასობით მილიონი აშშ დოლარის ზიანი მიადგა მისი საბანკო მრჩევლის, პატრის ლესკადრონის თაღლითობის შედეგად. 2024 წლის ივლისში სინგაპურის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და Credit Suisse Trust Limited-ს ბიძინა ივანიშვილის ოჯახისთვის 742.73 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. რაც შეეხება ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე დავას, Credit Suisse Life Limited-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაევალა.

გამოცემა Bloomberg-ი ბიძინა ივანიშვილის ქონებას დღეს 7.55 მილიარდ დოლარად აფასებს და მას მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის 403-ე ადგილზე ასახელებს. ამასთან, Bloomberg-ის მონაცემებით, ერთი წლის წინ, 2023 წლის 30 სექტემბერს, ივანიშვილის ქონების ღირებულება 6.05 მილიარდი იყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.