„თუ კანონი არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის ნორმებთან, დემოკრატიას ძირი გამოეთხრება და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იძალადებენ, მაშინ აშშ-ის მხრიდან შეზღუდვებს ვნახავთ. როგორც წესი, ეს არის ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ ქმედებებზე და მათი ოჯახების მიმართ“, - განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა საქართველოში ვიზიტის დასასრულს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ მიიწვია
- 4 ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დატოვა
- 5 შევეცდებით ხარვეზი აღმოვფხვრათ - მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე
- 6 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
ო’ბრაიენი თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, ოპოზიციას და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა რუსული კანონი იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მრავალათასიანი საპროტესტო აქციების, აშშ-ისა და სხვა პარტნიორების მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, მესამე და საბოლოო მოსმენით, 14 მაისს მაინც დაამტკიცა.
„როდესაც აქ ჩამოვედი, ცოტა არ იყოს დამაბნეველი იყო ორი სრულიად განსხვავებული საუბრის მოსმენა. ერთი ეხება უცხოური გავლენის შესახებ კანონს. კანონის ზოგიერთი დამცველი ამბობს, რომ დაფინანსების გამჭვირვალობა საქართველოს უპირველესი ეროვნული ინტერესი უნდა იყოს და ფიქრობენ, რომ ზოგიერთი დასავლელი დამფინანსებელი არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორც შეიძლება იყოს. ჩვენი ინტერესი არის ის, რომ საქართველო დაახლოებული იყოს ევროკავშირის და ტრანსატლანტიკურ ნორმებთან ისეთი საკითხების გადასაჭრელად, როგორიცაა გამჭვირვალობა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არც პროცესი და არც განსახორციელებელი კანონი არ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს და ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი დისკუსია გვექნება, რათა დავინახოთ ევროპულ ნორმებთან შესაბამისი ნაბიჯები გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ კანონის ამოქმედებამდე იქნება ეს შესაძლებლობა და მე ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რომ იქნება შედეგები, თუ კანონი განხორციელდება იმ სახით, როგორიც ახლაა. პრემიერმა ამას იძულება უწოდა, მაგრამ ეს ასე არ არის“, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
ჯიმ ო’ბრაიენის თქმით, საქართველო ცდილობს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, ამ ორგანიზაციებს კი გარკვეული სტანდარტები და წესები აქვთ.
„ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ საქართველომ განაგრძოს ამ სტანდარტების შესაბამისობა და არ გადაუხვიოს მათ. საქართველოს გადაწყვეტილება, არ დაუახლოვდეს ევროპას, იქნება უარის თქმა იმ გზაზე, რაც საქართველოს საკუთარ კონსტიტუციაში უწერია. ჩვენ გვჯერა და ეს ვნახეთ გამოკითხვებით, ვნახეთ ქუჩებში, მოვისმინეთ პოლიტიკური პარტიებისგან, მათ შორის „ქართული ოცნებისგან“ და მისი მხარდამჭერებისგან, ბიზნეს საზოგადოებისა და სხვებისგან, რომ საქართველოს ხალხს დიდი სურვილი აქვს გააგრძელოს ეს გზა. როგორც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენ ახლაც ქართველი ხალხის გვერდით ვიქნებით. თუ ის, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, მოხდება და კანონი სათანადოდ შეიცვლება, ეს იქნება ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების გზა და არა დაშორების, რაც ვშიშობ, რომ ახლა ხდება“, - განაცხადა ო’ბრაიენმა.
„მაგრამ ეს იყო მხოლოდ ერთი სახის საუბარი, რაც მე მქონდა და კანონი უფრო ფართო საუბრის მცირე ნაწილია. უფრო ფართო საუბარი ეხება „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარებს იმის შესახებ, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია და რომ საქართველომ თავი უნდა აარიდოს გლობალური ომის პარტიის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და რომ არსებობს დასავლეთის შეთქმულება „ქართული ოცნების“ გადაყენების თაობაზე, მიუხედავად, 12-წლიანი ძლიერი თანამშრომლობისა. ეს არის არარეალური, არასწორი და საერთაშორისო საზოგადოებების საქართველოსთან ურთიერთობის სრული გაუგებრობა. ამის ერთ-ერთი მაგალითი არის ის, რაც პრემიერმა წუხელ აღნიშნა. ჩვენ სასაუბროდ მივმართეთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მოვიწვიეთ პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში, რათა განგვეხილა კანონი და ურთიერთობა. აქ ჩამოსვლამდე ვთქვი, რომ ბატონი ივანიშვილს სიამოვნებით ვნახავდი. პრემიერმა განაცხადა, რომ ის მე არ შემხვდება, რადგან ჩვენ დე ფაქტო სანქციების ქვეშ გვყავს. ამ ეტაპზე მასზე არანაირი სანქცია არ არსებობს.
ის, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე არასწორად არის ინფორმირებული, შოკისმომგვრელი და გულდასაწყვეტია. ის, რომ პრემიერი ამბობს, ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც საქართველოს ერთ-ერთი პარტნიორი ვერ შეხვდება ამ მოქალაქეს, არის ინდივიდუალური ინტერესის უფრო მაღლა დაყენება ქვეყნის კონსტიტუციურ ვალდებულებაზე - იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის.
ამიტომაც ვამბობ, რომ კანონი უფრო ფართო საუბრის ნაწილია, მაგრამ ის ასახავს იმას, რაც მე ვფიქრობ, რომ ასე მნიშვნელოვანია და შეიძლება იყოს გარდამტეხი წერტილი იმაში, რაც აქამდე კონსტრუქციული და პროდუქტიული პარტნიორობაა“, - განაცხადა ჯიმ ო’ ბრაიენმა.
მან აღნიშნა, რომ თუ კანონი ძალაში შევა ისე, რომ ის არ იქნება ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში და ასეთი ცილისწამება შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების წინააღმდეგ გაგრძელდება, ურთიერთობები გადაიხედება:
„შეერთებულ შტატებს აქვს დაახლოებით 390 მილიონი დოლარის დახმარება, რომლის დახარჯვასაც საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ვგეგმავთ - ნახევარი მოხმარდება სამხედრო დახმარებას, ცოტა მეტი, მესამედი უხეშად რომ ვთქვათ, ეკონომიკური განვითარების პროექტებს და მეტი ინსტიტუციების მშენებლობას, ასევე, ნაწილი სამოქალაქო საზოგადოებას. ეს ყველაფერი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ ახლა ჩვენ განვიხილებით მოწინააღმდეგედ და არა პარტნიორად“.