ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მას და კონგრესმენ მაიკ ტერნერს არ შეხვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა. მან უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, მაგრამ ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, იგი არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში და კვლავ იმედგაცრუებას იწვევს, რომ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე“, - განაცხადა შაჰინმა თბილისში ვიზიტის დასასრულს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
10 აგვისტოს სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც ესწრებოდა.
„იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერ-მინისტრმა არ გააკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს გააკეთონ ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ვისაუბრეთ მთელ რიგ წუხილებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს, თუნდაც იმ განცხადებაზე, რომ თითქოს ამერიკა საქართველოში გადატრიალებას გეგმავდა, რაც აბსოლუტური სიცრუეა.
იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა შეხედავენ და გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომლის გაკეთებაც შეუძლიათ მომავალში იმისთვის, რომ განაგრძონ ურთიერთობების გაუმჯობესება, რომელიც საქართველოსთან 30 წლის განმავლობაში გვქონდა. იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ამ ურთიერთობების გაგრძელებით“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.
ჯინ შაჰინი პრესკონფერენციაზე ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ იღებს საქართველოს მთავრობა კანონს, რომელიც რუსეთის ინტერესებს ასახავს: „სამწუხაროდ, მინდა გითხრათ, რომ მიჭირს გაგება იმ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნის20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მთავრობა იღებს კანონს, რომელიც ასახავს რუსეთის ინტერესებს და ეწინააღმდეგება მოქალაქეების ნებას. არ მესმის ეს, რადგან რასაც ჩვენ ვისმენთ საქართველოს მოქალაქეებთან საუბრისას, ისინი ეწინააღმდეგებიან ამას“, - თქვა მან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელ პარტნიორებთან შეხვედრაზე უარი თქვა. როგორც კობახიძემ განაცხადა, მათ მიზეზები „ძალიან მკაფიოდ“ და „უშუალოდ“ განემარტათ.
„რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვლიზე, ეს დამოკიდებულია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებზე. თუ დადგება დღის წესრიგში ამის გასაჯაროება, შესაბამისი მხარეები მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ირაკლი კობახიძის თქმით, გუშინ გამართულ შეხვედრაზე სენატორსა და კონგრესმენს, ასევე აშშ-ის ელჩს საქართველოში „გულწრფელად“ უთხრა, რას მოელის საქართველოს მთავრობა ამერიკელი პარტნიორებისგან.
„ძალიან დეტალური და კონკრეტული იყო ჩვენი გზავნილები. მე შეხვედრაზეც აღვნიშნე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები არის ძალიან დიდი ქვეყანა მსოფლიო გავლენით. ამ ურთიერთობებში საქართველოს ბევრის შეცვლა არ შეუძლია, ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. მე დეტალურად ვუთხარი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, თუ რას ველით მათგან უახლოესი ერთი წლის განმავლობაში. ველით, რომ აღარ მოხდება ის, რაც ხდებოდა გასული ოთხი წლის განმავლობაში. თუ თვისებრივად შეიცვლება მიდგომები, ამ შემთხვევაში არაფერი უდგას წინ ურთიერთობების გადატვირთვას. მთავარია, სამართლიანობა, სამართლიანი მიდგომა, ასეთ შემთხვევაში ურთიერთობები გადაიტვირთება და როგორც აღინიშნა არაერთ შეხვედრაზე, როგორც ჩემი მხრიდან, ასევე ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, ამ ურთიერთობების გადატვირთვა შედის თანაბრად, როგორც საქართველოს, ასევე აშშ-ის ურთიერთობებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი თბილისს ოფიციალური ვიზიტით 9 აგვისტოს ეწვივნენ. ისინი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მათი ვიზიტი საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელ პარტნიორებს შეხვედრაზე უარი უთხრა. მაისში ის არ შეხვდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენს, რომელიც თბილისს რუსული კანონის მიღების ფონზე ეწვია. მაშინაც განმარტება ირაკლი კობახიძემ გააკეთა და თქვა, რომ „დე ფაქტო სანქციების“ დასრულებისთანავე, ნებისმიერი შეხვედრა იქნება შესაძლებელი. საპასუხოდ ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ არანაირი სანქცია არ არსებობს. „ის, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე არასწორად არის ინფორმირებული, შოკისმომგვრელი და გულდასაწყვეტია. ის, რომ პრემიერი ამბობს, ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც საქართველოს ერთ-ერთი პარტნიორი ვერ შეხვდება ამ მოქალაქეს, არის ინდივიდუალური ინტერესის უფრო მაღლა დაყენება ქვეყნის კონსტიტუციურ ვალდებულებაზე - იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის“, - განაცხადა ო’ბრაიენმა.