ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ადამ დელიმხანოვი ცოცხალია და „დაჭრილიც კი არ არის“. დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კადიროვის უახლოესი მოკავშირე, რუსეთის დუმის დეპუტატი ჩეჩნეთიდან და ბატალიონ „დასავლეთი - ახმატის“ მეთაური დელიმხანოვი უკრაინაში დაიჭრა. ზოგიერთი წყარო მისი დაღუპვის შესახებაც იტყობინებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ადამ სულთანის ძე ცოცხალი და ჯანმრთელია და დაჭრილიც კი არ არის. ამის შესახებ თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ გადავწყვიტე ყველასთვის მეჩვენებინა, უპირველეს ყოვლისა უკრაინელებისთვის, რა დონემდე დავიდა მათი მედია“, - წერს კადიროვი Telegram-ში და მტკიცებულების სახით აქვეყნებს ფოტოს, სადაც მის გვერდით დელიმხანოვი ზის.
რამზან კადიროვის თქმით, ვიდრე მთელი ინტერნეტი რუსეთის გმირის მოკვლის შესახებ „ბოდვით ფანტაზიას“ განიხილავს, ადამ დელიმხანოვთან ერთად მუშაობას აგრძელებს: „ახმატის“ ქვედანაყოფები თავის ადგილზე არიან არიან, მათ შორის, ბელგოროდის რეგიონში, სადაც რუსეთის საზღვარს ამაგრებენ. განვიხილეთ არსებული მდგომარეობა, ჩვენი ქვედანაყოფების ძალებისა და საშუალებების გადანაწილება“.
უფრო ადრე კადიროვი წერდა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში მყოფი დელიმხანოვი კავშირზე არ გამოდიოდა. ის უკრაინის დაზვერვას მიმართავდა და ითხოვდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ პოზიციაზე განხორციელდა დარტყმა. რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება „რია ნოვოსტი“ აღნიშნავდა, რომ ეს რამზან კადიროვის ირონიული პასუხი იყო მანამდე გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს, ადამ დელიმხანოვი დაბომბვის შედეგად მოკლეს.
14 ივნისს, დილით, უკრაინელმა პოლიტოლოგმა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლმა კირილ საზონოვმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიის ოლქის ქალაქ პრიმორსკში დაბომბვისას კადიროვის მოკავშირე დელიმხანოვი და კიდევ 200-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა. ამის შემდეგ ერთ-ერთი რუსული ტელეკომპანიის ჟურნალისტმა დუმის პრესსამსახურზე დაყრდნობით დაწერა, რომ დელიმხანოვი ცოცხალი იყო, თუმცა ჭრილობა ჰქონდა მიღებული. ამბავს კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა:
„ჩვენ დიდი განგაშით მივიღეთ ეს ინფორმაცია. როგორც ყველა, ჩვენც ვნერვიულობთ რუსეთის გმირის გამო. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დროში იქნება რაიმე დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა“, - თქვა პესკოვმა.
დამატებითი ინფორმაცია ადამ დელიმხანოვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის შესახებ უცნობია.