თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „პირველის“ წინააღმდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა. ის სასამართლოს იმ გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს, რომლითაც ტელეკომპანიას მისთვის 15 000 ლარის გადახდა და ცილისწამების უარყოფა დაევალა. „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ მერი მათზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„დღეს ჩვენ დავიწყეთ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება და ალბათ, ხვალ ან ზეგ გაეგზავნება მეორე მხარეს მოთხოვნები აღსრულების ბიუროდან. ისინი ვალდებულნი არიან, რომ მოცემული გადაწყვეტილება აღასრულონ“, - უთხრა ჟურნალისტებს კახა კალაძის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ და განმარტა, რა შეიძლება მოჰყვეს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას:
„ჩვენ ამ თანხას ვითხოვთ და იმედი გვაქვს, რომ არ დაგვჭირდება იძულებითი აღსრულება, მაგრამ თუ ეს თანხა არ იქნება გადახდილი, ბუნებრივია, დაიწყება აღსრულება. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით, თუ ეს თანხა არ იქნა ნებაყოფლობით გადახდილი, მოხდება როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონების, მათ შორის ანგარიშების დაყადაღება. თუ არ აღსრულდა სასამართლო გადაწყვეტილება, არ არის გამორიცხული ხელმძღვანელი პირის მიმართ დაიწყოს სისხლისამართლებრივი დევნა, რასაც კანონი ითვალისწინებს“.
„პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე მიიჩნევს, რომ კახა კალაძის მხრიდან 2023 წელს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნა პირდაპირ უკავშირდება საგამოძიებო რეპორტაჟს, რომელიც ეთერში ხვალ, 27 ივლისს უნდა გავიდეს.
„ვართ მოლოდინის რეჟიმში. ველით თბილისის მერის, კახი კალაძის მოთხოვნის საფუძველზე, ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას. აღსრულების მოთხოვნის საფუძველია, აშშ-ის მიერ კორუფციის ბრალდებით სანქცირებული კლანის კონტროლის ქვეშ მყოფი, სასამართლოს შარშანდელი გადაწყვეტილება - „მამულაშვილის ქეისი“.
რატომ გაახსენდა კალაძეს ეს ქეისი ახლა? ხვალ, შაბათის ეთერში გადის რეპორტაჟი კალაძის დაუდეკლარირებელ ქონებაზე, რომლის ღირებულებაც ასობით ათასი ლარია. არსებობს მტკიცებულებები რომ ეს ქონება, მისი განკარგვის ქვეშ არის, თუმცა დეკლარაციაში არ წერია. კითხვა გავაგზავნეთ მერთან, გვიპასუხეს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს საქმე, რომელიც „წავაგეთ“. დღეს შევიდა აღსრულების მოთხოვნა. რა შეიძლება მოხდეს?
თუ ტელევიზიას არ ექნება სახსრები გადაიხადოს ეს ფული, აღსრულების ბიუროს შეეძლება შემოვიდეს და ამოიღოს ტელევიზიის ქონება. მაგალითად, მიკროფონი, კამერა, სკამი, კომპიუტერი, გაიტანოს აუქციონზე, გაყიდოს და ფული კალაძეს ჩაურიცხოს“, - წერს სოციალურ ქსელში მელაძე.
კახა კალაძემ „ტვ პირველის“ და მისი ჟურნალისტის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით 2022 წლის ივნისში მიმართა. სარჩელის მიხედვით, ტელეწამყვანმა ეთერში წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო. კალაძე სასამართლოს გზით მოპასუხეებისგან ითხოვდა გავრცელებული ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 100 000 ლარის ოდენობით. სულ რაღაც ხუთ თვეში, 2022 წლის 30 ნოემბერს, სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. კერძოდ, მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა „პირველს“ და მაია მამულაშვილს ცილისწამების უარყოფა და კალაძისთვის სოლიდარულად 15 000 ლარის გადახდა დააკისრა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზედა ინსტანციის სასამართლოებმა ძალაში დატოვეს.