თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა თბილისის მერის და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის სარჩელი ტელეკომპანია „პირველისა“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ. სასამართლომ მოპასუხეებს ცილისწამების უარყოფა და სოლიდარულად 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
კალაძემ „ტვ პირველის“ და მისი ჟურნალისტის წინააღმდეგ, სასამართლოს სარჩელით 2022 წლის ივნისში მიმართა.
5 ივნისს, „ტვ პირველის“ გადაცემა „დღის ამბებში“, წამყვანს მაია მამულაშვილს სტუდიაში 2 სტუმარი ჰყავდა - გიორგი კაპანაძე, ინტერნეტმედია ჯგუფის დამფუძნებელი და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი. კაპანაძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია, მამაცაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.
„ეგ არის უბედურება, რომ თქვენ ვერ აკეთებთ განსხვავებას მეჩანგლე ბაქრაძესა და კობახიძეს შორი, ჩანგლები ავიღოთ და ვეომოთ რუსეთსო, კახი კალაძესა და გიგი უგულავას შორის, ბიუჯეტის ვირთხა რომ არის უგულავა, ცოლის ოპერაციას ბიუჯეტის ფულით რომ აფინანსებდა“, - თქვა გიორგი მამაცაშვილმა გადაცემის 24-ე წუთზე.
კახი კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო - მიმართა გადაცემის წამყვანმა მაია მამულაშვილმა გიორგი მამაცაშვილს.
„მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო კახი კალაძემ. ეს არის ოფიციალური ინფორმაცია. მე არ ვიგონებ. გიორგი, 60 მილიონი ჩაიდო ჯიბეში კახა კალაძემ. ...გიორგი (კაპანაძე) უფრო უკეთესად გიპასუხებთ, 60 მილიონი როგორ ჩაიდო ჯიბეში კახი კალაძემ, რომლის დოკუმენტები აგიფრიალეს ცხვირწინ“.
თბილისის მერის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, ტელეწამყვანმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო. კახა კალაძე სასამართლოს გზით მოპასუხეებისგან ითხოვდა გავრცელებული ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 100 000 ლარის ოდენობით.
მოპასუხეები უთითებდნენ, რომ ეთერში გაკეთებული კომენტარი გაკეთდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში და მედიაში მიმდინარეობდა აქტიური დისკუსია იმის შესახებ, თუ რა გარემოებებმა გამოიწვია თბილისის მერიის მიერ ავტობუსების იმაზე მაღალ ფასად შესყიდვა, ვიდრე ეს მოხდა სხვა ქვეყნებში. ტელეკომპანიის ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტის მოსაზრება ეყრდნობოდა მათ შორის საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას და ოფიციალურ წყაროებს, რომლითაც დგინდებოდა, რომ თბილისის მერიამ დაახლოებით 60 მილიონი ევროთი მეტი გადაიხადა ავტობუსებში, რამაც საზოგადოებაში გააჩინა ლეგიტიმური ეჭვები.
სასამართლომ კალაძის მიმართ ცილისწამების ფაქტი დაადგინა. მოსამართლემ დღეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განმარტა, რომ „სასამართლოს ინტერესს წარმოადგენდა სადავო განცხადებები ფაქტი იყო თუ აზრი. აზრით გავრცელებული ინფორმაცია შეეხებოდა ტენდერებში ფასთა სხვაობას, რაც შეეხება უშუალოდ კახა კალაძის მიერ 60 მილიონის მოპარვას, ეს იყო ტვ პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ასეთი ფაქტობრივი საფუძველი არანაირად არ იყო“.
მაია მამულაშვილი კახა კალაძის მხრიდან სასამართლოსთვის მიმართვას დამოუკიდებელი ტელევიზიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებდა. მისი თქმით, კახა კალაძეს შეეძლო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის მიემართა, თუმცა პირდაპირ საამართლოში წავიდა და ტელევიზიის ფინანსური სანქცირება მოითხოვა.
„ეს არ იყო საინფორმაციო გამოშვებაში ნათქვამი აზრი. ეს არ იყო როგორც ფაქტი მიწოდებული, არც ჩემს შესავალ ტექსტში არ იყო. ეს იყო გადაცემის მსვლელობისას, სტუმრებთან მსჯელობისას ნათქვამი, რომელიც ეყრდნობოდა მანამდე, ერთი წლის განმავლობაში საჯაროდ გავრცელებულ განცხადებებს და შექმნილ საზოგადოებრივ აზრს“, - ამბობდა მაია მამულაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, რომელიც ტელეკომპანია „პირველისა“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის ინტერესებს იცავს, ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს:
- მოსამართლემ თბილისის მერის სარჩელის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა და საქმე არაორდინალურად სწრაფად, შემჭიდროებულ ვადებში, სარჩელის შეტანიდან 5 თვეში განიხილა. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ხელისუფლებასთან დაკავშირებული სხვა პირების სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევებშიც.
- ცილისწამების საფუძვლით სარჩელის შეტანის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. მიუხედავად ამისა, მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა განცხადებების ცილისწამებლურ ხასიათს. მოსარჩელემ მინიმალური სტანდარტიც კი ვერ დაძლია, ცნობაც კი არ წარმოადგინა, რომ მის წინააღმდეგ სადავო საკითხის ირგვლივ არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა.
- სასამართლომ არ გაითვალისწინა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებით გამოწვეული საფრთხეები. მათ შორის, ყურადღება არ გაუმახვილებია იმაზე, რომ სარჩელი შეტანილია თბილისის მერის მიერ, რომელსაც მედიაში გავრცელებული კრიტიკული მოსაზრებების მიმართ მეტი თმენის ვალდებულება გააჩნია.
- საგანგაშოა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით დაკისრებული თანხის ოდენობაც, რომელიც არაპროპორციულად უნდა შეფასდეს იმ ზიანთან მიმართებაში, რომელიც შესაძლოა, თბილისის მერს განეცადა. მსგავსი ცილისწამების საქმეზე 15 000 ლარის დაკისრება მედიისათვის, არ შეესაბამება აქამდე ეროვნულ თუ ევროპულ დონეზე დადგენილ პრაქტიკას.
- ამასთან, იგი მეტად უწყობს ხელს „მსუსხავი ეფექტის“ და შესაბამისად, შიშის გაძლიერებას საზოგადოებაში, რომ ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკა შეიძლება დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას და თან ასეთი არაპროპორციული ოდენობით.
„TV პირველის“ მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ არხი ვერ გადაიხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხას: „ანგარიშებს ადევს ინკასო. შესაბამისად, შემდეგი ნაბიჯი იქნება კალაძე აღსრულებას მიმართავს, რომ ტელევიზიიდან კამერები წაიღოს, ან მაია მამულაშვილის სახლიდან, ამ თანხის ოდენობის ნივთები, სამეული მაცივარი და ან ტელევიზორი“.
2022 წლის სექტემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „პირველის“ წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედის, თამარ ზაალიშვილის სარჩელიც დააკმაყოფილა. კობახიძის დედაც ტელევიზიას ცილისწამებას ედავებოდა. ტვ „პირველს“ 5555 ლარის, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და პროდიუსერს, ნოდარ მელაძეს კი 5-5 ლარის გადახდა დაეკისრათ.
ცილისწამების საფუძვლით, გასულ წელს, კრიტიკული მედიის („მთავარი არხის“) წინააღმდეგ წყალტუბოს, ქუთაისის, ქარელის, ასპინძის, ადიგენის, ჭიათურის, ფოთის, ყვარლის, ნინოწმინდის, ბორჯომისა და მარნეულის მერებმა ერთიმეორის მიყოლებით შეიტანეს სარჩელები. თითოეულმა მათგანმა მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის, ერთი და იგივე თანხა - 55 555 ათასი ლარი მოითხოვა.
ამ თემაზე:
სააპელაციო სასამართლომ მედიის მიმართ სუს-ის უფროსის სარჩელზე გადაწყვეტილება ძალაში დატოვა