2023 წლის იანვარ-თებერვალში თურქეთიდან 17 ქვეყანაში ექსპორტზე 1 569 373 დოლარის ღირებულების 303 ტონა ქაფშია გავიდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღმოსავლეთ შავი ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, აჰმეტ ჰამდი გიურდოღანმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ქაფშიის ექსპორტის მხრივ საფრანგეთი ლიდერობს, რომელსაც ბელგია და ესპანეთი მოსდევენ. გიურდოღანმა საექსპორტო ქვეყნების მრავალფეროვნებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გასული წლისგან განსხვავებით, ქაფშია შვედეთში, საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ლიბანსა და სომალიში გაიყიდა.
გიურდოღანის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ ორ თვეში, ქალაქ ტრაპიზონიდან ექსპორტზე 109 628 დოლარის ღირებულების ქაფშია გავიდა გერმანიაში, შვედეთსა და კანადაში. წინა წელთან შედარებით ტრაპიზონიდან ექსპორტი 17%-ით გაიზარდა, თუმცა მოსალოდნელ ნიშნულს არ შეესაბამება. როგორც მან აღნიშნა, თურქეთი დიდ იმედებს ამყარებს ზღვის პროდუქტებისა და ქაფშიის ექსპორტზე.
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში წლიურად 85 000 ტონაზე მეტი ქაფშიის დაჭერაა შესაძლებელი. ეს რუსეთის, უკრაინის, ბულგარეთისა და რუმინეთის ჯამურ მოპოვებაზე მეტია. შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზებში, ქაფშიის რესურსით, საქართველო მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება.
ამ რესურსის მოპოვების უფლება შეზღუდულია და 2036 წლამდე თევზჭერა მხოლოდ 5 კომპანიას შეუძლია. სწორედ ამ თემას ეხება სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება.
ყოველ წელს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამტკიცებს კვოტას, ანუ შავ ზღვაში მოსაპოვებელი თევზის რაოდენობას. ამ კვოტის ასათვისებლად, 2006 წელს, სახელმწიფომ აუქციონის გზით, პირველად გამოავლინა გამარჯვებული 5 კომპანია და მათ 10 წლიანი ლიცენზია მისცა. პირველად გაცემული ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემდეგ – 2016 წელს, ხუთივე კომპანიას თევზჭერის ლიცენზია 2026 წლამდე გაუგრძელდა. 2018 წლის ნოემბერში, ახალი 10-წლიანი ლიცენზიების მიღებიდან, მხოლოდ 2 წელი იყო გასული, როდესაც ოთხმა კომპანიამ მთავრობას წერილობით მიმართა და ლიცენზიის გაგრძელება 2036 წლამდე მოითხოვა.
2018 წელს, თევზჭერისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსი იყო ბიოლოგიის მეცნიერებთა დოქტორი არჩილ გუჩმანიძე. მან შეისწავლა ლიცენზიანტების მოთხოვნები, ისინი სახელმწიფო ინტერესებისთვის საზიანოდ მიიჩნია და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მაშინდელ მინისტრს ლევან დავითაშვილს სამსახურებრივი ბარათი გაუგზავნა. გუჩმანიძე ხსნიდა, რატომ არ უნდა დასთანხმებოდა მთავრობა ლიცენზიანტების მოთხოვნებს.
თევზჭერის ლიცენზიების 2036 წლამდე გაგრძელებასთან ერთად, ოთხი კომპანია სალიცენზიო ვალდებულებების გაუქმებასაც ითხოვდა. კერძოდ, მთავრობის 2016 წლის განკარგულებით, მათ ევალებოდათ მოპოვებული რესურსის 10%-იდან კომბინირებული საკვები, ხოლო 5%-დან კონსერვი ეწარმოებინათ. 2018 წლის წერილებით კი ამ მუხლის გაუქმებას ითხოვდნენ.
შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსის უარყოფითი დასკვნის მიუხედავად მთავრობამ, ბიზნესის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.
ლიცენზიანტი კომპანიის მეწილეები მმართველ პარტიასთან, „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან არიან დაკავშირებული.
„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ კომპანიებს შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზია 2036 წლამდე აუქციონის გარეშე გაუგრძელდათ.
არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ წლების განმავლობაში, შავ ზღვაში თევზჭერის სურვილს არაერთი საერთაშორისო კომპანია გამოთქვამდა. „დაინტერესებულია ძალიან ბევრი კომპანია. მე თვითონ მქონდა რამდენიმესთან ურთიერთობა, მიმოწერა. იყო ბერძნული კომპანია, იყო ნიდერლანდების კომპანია, იყო ძალიან მსხვილი თურქული ჯგუფი. ნიდერლანდების კომპანიას უნდოდა შეექმნა ძლიერი სამეცნიერო კომპონენტი, ეყიდა სამეცნიერო კვლევითი გემი, გაეკეთებინა სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, დაეწყო რეალური კვლებები. იქიდან ამოღებული თანხის ნაწილი ჩაედო თევზების აღწარმოებაში იმიტომ, რომ თევზჭერა არის პასუხისმგებლობა“.
ოთხმა ლიცენზიანტმა კომპანიამ 2036 წლამდე ლიცენზიების გაგრძელების სანაცვლოდ, მთავრობას 20 მილიონი ლარი შესთავაზა - დაახლოებით 2 თეთრი სალიცენზიო გადასახადი 1 კგ. ქაფშიაზე. თევზჭერისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს მიაჩნდა, რომ ეს რეალურ ფასზე გაცილებით ნაკლები იყო. მთავრობამ არ გაითვალისწინა შავი ზღვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის არცერთი არგუმენტი და ლიცენზიების მოქმედება 20 მილიონ ლარად გააგრძელა.