„ქართული ოცნება“ უარყოფს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველი გუნდის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ. ამ თემაზე დეპუტატმა გივი მიქანაძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდა, ოპოზიციის მიერ გავრცელებული „სიცრუის შემცველი ინფორმაციები“ არ გაითვალისწინონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 4 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 5 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
- 6 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დეზინფორმაციული კამპანია იზრდება. გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ ბოლო დღეებში აგორებულ სიცრუის ტირაჟირებაზე, რომ ვითომ, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხდება ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა. ამგვარი სიცრუის კამპანია დამახასიათებელია რადიკალებისთვის. ... მიმდინარეობს ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება მმართველი გუნდის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მიზნით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა.
გივი მიქანაძე გამოეხმაურა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, წნორში, მოხუცებულთა თავშესაფარში, 31 ადამიანს - ხანდაზმულებსა და დაწესებულების თანამშრომლებს, პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და ისინი „ქართული ოცნების“ ოფისში წაიღეს.
„17 ოქტომბერს, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა, თითქოს, წნორში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა წნორში, მოხუცთა თავშესაფარში, 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და ოფისში წაიღეს. ეს ინფორმაცია სიცრუე რომ არის, ამაზე თავად კორძაიას განცხადებაც მეტყველებს, რომლის თანახმად, ვციტირებ: „ჩვენ ამ დანაშაულის ჩამდენი პირების სახელები და გვარები ვიცით, რომლებსაც დღეს შეგნებულად არ დავასახელებთ“. რეალურად, არანაირი პირადობის მოწმობების ჩამორთმევას ადგილი არ ჰქონია და ეს მტკნარი სიცრუეა“, - თქვა მიქანაძემ.
ის შეეხო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სიუჟეტსაც, სადაც რუსთავის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პირადობის მოწმობებს გადასცემენ. ჟურნალისტი მეეზოვეებსა და დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელს მმართველი პარტიის თანამშრომლად გაეცნო.
„17 ოქტომბერს, „მთავარმა არხმა“ სიუჟეტი გაუშვა, რომლითაც რუსთავის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებით მანიპულირება სცადეს. სიუჟეტში გაჟღერებული სიყალბე რუსთავში წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვის მცდელობაა“, - მიქანაძემ ოპოზიციური ტელევიზიები „ამომრჩეველზე ზეწოლაშიც“ დაადანაშაულა.
„ქართული ოცნება“ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდებს, „არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მათი მხარდაჭერის კუთხით პოზიციონირება“.
