საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან იოსელიანის არჩევას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ლევან იოსელიანის კანდიდატურას კენჭს 7 მარტს, პლენარულ სხდომაზე უყრიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით უარყოფით კონტექსტში წარმოდგენილი იყო მხოლოდ ორი არგუმენტი. რამდენიმე დეპუტატის მხრიდან შენიშვნა გამოითქვა, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანი არ და ვერ უნდა იყოს კანდიდატი და შესაბამისად, შემდგომში სახალხო დამცველი. აგრეთვე, გაიხსენეს მის მიერ წარსულში გაკეთებული რამდენიმე განცხადება, რომელიც, მეც ვადასტურებ, შეიძლება არ იყო რელევანტური, მაგრამ მას თავისი პოლიტიკური პოზიცია აქვს და ჰქონდა. შევთანხმდით, რომ მხოლოდ ეს არგუმენტები არ არის საკმარისი მის კანდიდატურაზე უარის სათქმელად და საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას ხვალ მხარს დაუჭერს სრული შემადგენლობით“, - განაცხადა მდინარაძემ.
უმრავლესობის სხდომამდე ლევან იოსელიანს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. ის სახალხო დამცველობის ერთადერთი კანდიდატია.
„ჩემი ოცნება ყოველთვის იყო ადამიანის უფლებების დაცვა და მე ამას ვაკეთებდი კიდეც, ამიტომაც ვისწავლე სამართალი და გავხდი ადვოკატი. ზოგადად ადამიანების დაცვა ესაა ის, რითიც პოლიტიკაში მოსვლამდე ვიყავი დაკავებული და ნამდვილად ბედნიერი ვიქნები, თუ ამის საშუალება მომეცემა უკვე სისტემურ დონეზე და ისეთი საპატიო პოზიციიდან, როგორიც სახალხო დამცველის თანამდებობაა. შემიძლია გარანტიაც მივცე ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, პოლიტიკოსს და არა პოლიტიკოსს, რომ ნამდვილად ვიქნები ყველას სახალხო დამცველი, ეს არის ყველაზე მთავარი“, - თქვა იოსელიანმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, საკითხი პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე გავა და კენჭსაც პირდაპირ უყრიან. „ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება იმის გათვალისწინებით, რომ [ევროკომისიის რეკომენდაციების] 12-პუნქტიანი გეგმის მე-12 პუნქტი ეს გახლავთ“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
სახალხო დამცველი პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის (90 დეპუტატის) მხარდაჭერით აირჩევა. იქიდან გამომდინარე, რომ 90 მანდატი პარლამენტში არცერთ პარტიას არ აქვს, სახალხო დამცველის არჩევას ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერაც დასჭირდება. ცნობილია, რომ ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს უჭერენ „რესპუბლიკელების“ ლიდერი ხათუნა სამნიძე და დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია.
2022 წლის 22 დეკემბერს, პარლამენტმა 19 კანდიდატიდან სახალხო დამცველად ვერცერთი ვერ აირჩია.