პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად საკუთარი თანაპარტიელი და პარლამენტის დეპუტატი ლევან იოსელიანი დაასახელა. ელისაშვილის თქმით, იოსელიანს პარლამენტის 90-ზე მეტი წევრის მხარდაჭერის მოპოვება შეუძლია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ამ პარლამენტში სულ რამდენიმე ადამიანია ან შესაძლოა, მხოლოდ ერთი, ვის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსი. ასეთი არის ჩემი მეგობარი, თანაგუნდელი, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი, რომელსაც აქვს უნარები, ცოდნა და შესაძლებლობა, რომ მიიღოს 90 ხმა და მეტიც. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ჩემთვის და ჩვენი პარტიისთვის, უნდა წარვადგინო ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის კანდიდატად. ლევანი გახლდათ ადვოკატი, ვიდრე პოლიტიკაში ჩაერთვებოდა და ადამიანის უფლებები მისთვის ნაცნობი თემაა. სწორედ ამით იყო დაკავებული წლების განმავლობაში“, - განაცხადა ელისაშვილმა 28 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.
სახალხო დამცველის გამჭვირვალედ არჩევა და მისი აპარატის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
„ქართული ოცნება“ ლევან იოსელიანის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხს უმრავლესობის სხდომაზე, მომავალ კვირაში განიხილავს. „უმრავლესობა დაინტერესებულია, რომ პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევა შეძლოს. ეს ჩვენი ამოცანა და ინტერესია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს უჭერენ „რესპუბლიკელების“ ლიდერი ხათუნა სამნიძე და დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია. სამნიძე ფიქრობს, რომ იოსელიანმა პარლამენტში მუშაობის პერიოდში შეძლო, პრინციპულ საკითხებზე პრინციპული პოზიცია ჰქონოდა. კორძაიას შეფასებით კი, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, „მოქალაქეების“ ლიდერი ყველაზე მისაღები კანდიდატია, რომლის წინააღმდეგ „ქართულ ოცნებას“ არგუმენტი არ ექნება.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის კონსენსუსის არარსებობის გამო საქართველოს ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ერთხელ უკვე ჩავარდა. 2022 წლის 22 დეკემბერს, პარლამენტმა კენჭი უყარა სახალხო დამცველობის 19 კანდიდატს. კენჭისყრაში „ქართული ოცნების“ წევრებმა მონაწილეობა არ მიიღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კი სხდომას არ ესწრებოდნენ. დანარჩენი ოპოზიციონერი დეპუტატების ყველაზე მეტი, 16 ხმა სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ, 12 კი არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ მიიღო.
ლევან იოსელიანი პარლამენტის წევრი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა. 2018-2020 წლებში იყო ააიპ „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორი, 2008-2016 წლებში კი საკუთარი იურიდიული კომპანია ჰქონდა. ლევან იოსელიანს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, არის ჩიკაგოს სამართლის მედიაციის პროგრამის მედიატორი.
სახალხო დამცველის თანამდებობა ვაკატურია 2022 წლის 8 დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.