პარლამენტმა 22 დეკემბრის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე საქართველოს ახალი სახალხო დამცველი ვერ აირჩია. სხდომაზე 19 კანდიდატს უყარეს კენჭი, თუმცა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეთანხმების არარსებობის გამო, ყველა მათგანი ჩავარდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
სახალხო დამცველის ასარჩევად 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. კენჭისყრაში „ქართული ოცნების“ წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კი სხდომას არ დაესწრნენ. დანარჩენი ოპოზიციონერი დეპუტატების ყველაზე მეტი, 16 ხმა გიორგი ბურჯანაძემ, 12 კი ანა აბაშიძემ მიიღო.
პარტია „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის განხორციელება „სრულიად გამიზნულად და გააზრებულად“ ჩააგდო.
„ევროკავშირის მოთხოვნა ძალიან მკაფიოდ იქნა დაფიქსირებული - ქვეყნის სახალხო დამცველად არჩეული იქნას პიროვნება, რომელსაც ექნება არა მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაცია, არამედ ფართო მხარდაჭერა პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ გამიზნულად დაბლოკოს პროცესი, მაშინ, როდესაც წარმოდგენილნი არიან კანდიდატები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს და ამით დღეს აფორმებს ევროკავშირის მოთხოვნებიდან ერთ-ერთის ჩაგდებას“, - განცხადა სამადაშვილმა კენჭისყრამდე.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მხარს უჭერდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ სამ კანდიდატს: „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს ანა აბაშიძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ არამოსამართლე წევრს და „საქართველოს სასამართლო გუშაგის“ დამფუძნებელს ნაზი ჯანეზაშვილს და სახალხო დამცველის მოქმედ მოადგილეს გიორგი ბურჯანაძეს.
სამივე კანდიდატურა „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი აღმოჩნდა იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შექმნილმა შეფასების ჯგუფმა 19 კანდიდატიდან სწორედ მათ მიანიჭა ყველაზე მაღალი ქულები კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების კრიტერიუმების მიხედვით.
„ქართულ ოცნებას“ სახალხო დამცველობის საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია, თუმცა კონსულტაციების დროს ოპოზიციას ულტიმატუმი წაუყენა - ხუთი კანდიდატიდან, რომელთა შორის აბაშიძე, ჯანეზაშვილი და ბურჯანაძე არ იყვნენ, მხარი რომელიმესთვის დაეჭირა. „ოცნების“ შეთავაზებული 5 კანდიდატი იყო: ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა.
„მაინც და მაინც ამ ორ გვარს უნდა გადააყოლოთ ევრორეკომენდაცია - აბაშიძის და ბურჯანაძის. ეს გინდათ... და ჯანეზაშვილს კიდევ ზემოდან“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე მამუკა მდინარაძემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი და გიორგი ბურჯანაძე პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ისინი „ორგანულად მიუღებელი არიან“ საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქისთვის.
„ჩვენს უკან დგას მილიონი ამომრჩეველი. ამ მილიონი ამომრჩევლის და კიდევ უფრო მეტისთვის, ეს ადამიანები, ტიპაჟები, აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი ორგანულად მიუღებელი არიან. ჩვენ ხომ პირველ რიგში ჩვენს ამომრჩეველს უნდა ვცეთ პატივი. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც იქნება მისაღები, მათ შორის, ჩვენი მილიონი ამომრჩევლისთვის“, - უთხრა ჟურნალისტებს კობახიძემ.
სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი 2023 წელს ხელახლა დაიწყება.
სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ამოეწურა. ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა და დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ ივნისში, საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან, რომელთა შესრულება აუცილებელია ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.