არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად სამი კანდიდატი - ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი წარადგინეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
„სამოქალაქო ორგანიზაციები სახალხო დამცველის თანამდებობაზე მხარს ვუჭერთ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ როგორც კომპეტენტურობის, ისე პიროვნული მახასიათებლების შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს: აქვს კომპეტენცია დაიცვას ყველა ადამიანის უფლება და ამ სფეროში მუშაობის, სულ მცირე 5 წლის გამოცდილება; აკმაყოფილებს დამოუკიდებელობისა და მიუკერძოებელობის პრინციპებს; შეესაბამება უფლებადამცველის საერთაშორისოდ აღირებული განმარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს; სულ მცირე ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და არ ეკავა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობა; ხასიათდება მაღალი მორალით, რეპუტაციითა და კეთილსინდისიერებით; აქვს მართვისა და თანამშრომლობის უნარები და გამოცდილება, რომელიც ეფუძნება არადისკრიმინაციულ მიდგომასა და თანასწორობის პრინციპს“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
- ანა აბაშიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ბავშვთა და შშმ პირთა სპეციალიზებული ადვოკატია. 2008-2012 წლებში მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში, იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტი გენდერული თანასწორობის საკითხებში. ანა აბაშიძეს მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და სამართლის მაგისტრის ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2017-2018 წლებში ის ვაშინგტონში, ამერიკის უნივერსიტეტში სწავლობდა. სხვადასხვა პერიოდში ანა აბაშიძე მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში Amnesty international და Disability Rights International.
- გიორგი ბურჯანაძე 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე სახალხო დამცველის მოადგილეა. 2014 -2018 წლებში ის „ღია საზოგადოების ფონდში“ მუშაობდა ჯერ ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორად, შემდეგ კი მენეჯერად. მანამდე იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ უფროსი სამართლებრივი ექსპერტი. გიორგი ბურაჯანაძემ სამართალმცოდნეობის ბაკალავრის და მაგისტრის (სისხლის სამართალი) ხარისხები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა. 2011-2012 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტში, სადაც შედარებითი კონსტიტუციური სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო.
- ნაზი ჯანეზაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელია. 2017-2021 წლებში პარლამენტის მიერ არჩეული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. კრიტიკული და მამხილებელი აქტივობების გამო ჯანეზაშვილი არაერთხელ გახდა საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან თავდასხმის ობიექტი. სხვადასხვა დროს ნაზი ჯანეზაშვილი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი, „ასოციაცია - საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ ხელმძღვანელი, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის ოფისში პროექტების კოორდინატორი და „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ სამართლებრივი ექსპერტი.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ კანდიდატებიდან უნდა მოხდეს სახალხო დამცველის არჩევა, თუ „ქართულ ოცნებას“ რეალურად აქვს განზრახული ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს არ უპასუხა შეკითხვას, დაუჭერს თუ არა უმრავლესობა მხარს 52 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დასახელებული კანდიდატებიდან რომელიმეს: „სრულიად დახურულ რეჟიმში NGO-ების კლანი ასახელებს თავის კანდიდატებს. ეს არის მიუღებელი და აჩვენებს მათ დამოკიდებულებას მოვლენების მიმართ... ნებისმიერ მათგანს შეუძლია შემოიტანოს საკუთარი განაცხადი, შეაფასებენ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები და შემდეგ ოპოზიციური პარტიები თუ გადაწყვეტენ, დაასახელებენ“.
სახალხო დამცველის თანამდებობის დაკავების სურვილი გამოთქვეს პარტია „გირჩის“ ლიდერმა და დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ, ასევე, იურისტებმა - ალექსანდრე კობაიძემ და მარიკა არევაძემ.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული დროებითი წესის მიხედვით, პარლამენტი სახალხო დამცველობის კანდიდატების განხილვას დაიწყებს, თუ დასახელებული კანდიდატების რაოდენობა 7-ზე ნაკლები არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურები თავიდან დაიწყება. სახალხო დამცველის ასარჩევად პარლამენტის სულ მცირე 90 წევრის მხარდაჭერაა საჭირო. სახალხო დამცველს პარლამენტი 6 წლის ვადით ირჩევს.
ცნობილი გახდა სახალხო დამცველობის კანდიდატთა შეფასების 9 კაციანი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაც:
- დავით ასათიანი (საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე);
- თამარ ზარანდია (თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი);
- ნათია კუპრაშვილი (რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე);
- ლარისა ლიპარტელიანი (საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე);
- ელენე რუსეცსკაია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი;
- არნო სტეპანიანი („მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე);
- ნინო ჩხობაძე („საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე);
- ეკა ციმაკურიძე („დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს“ თავმჯდომარე);
- ლევან ცუცქირიძე („აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ დირექტორი).
რეგლამენტის მიხედვით, შეფასების სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირებს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეაფასებს: - კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონა.
მოქმედ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ეწურება. ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა 12 წინაპირობიდან ერთ-ერთია, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ევროკომისიის რეკომენდაციაა, ახალი სახალხო დამცველის წარდგენის პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს.