სახალხო დამცველის თანამდებობაზე განაცხადი 19-მა კანდიდატმა წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი 19-მა კანდიდატმა წარადგინა. „პროცედურა მიდის ღიად, გამჭვირვალედ, ობიექტურად და ახლა უკვე დაველოდებით შეფასებებს. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომ შესაძლო კანდიდატებიდან მათ შეარჩიონ მინიმუმ შვიდი კანდიდატი, რომელიც შემდეგ იქნება განხილვის საგანი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სახალხო დამცველის თანამდებობის დაკავება სურთ შემდეგ კანდიდატებს:

  1. ანა აბაშიძე - „არასამთავრობო ორგანიზაცია-პარტიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი;
  2. მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიურო „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორების“ ადვოკატი;
  3. გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;
  4. ლელა გაფრინდაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალების ინიციატივა-თანასწორობისთვის“ ხელმძღვანელი;
  5. სოფიო დემეტრაშვილი - „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
  6. თინათინ ერქვანია - „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის“ ასოცირებული პროფესორი;
  7. ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი;
  8. ალექსანდრე კობაიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარე;
  9. ლევან კოკორაშვილი - ყვარლის რაიონის „ახალგაზრდა იურისტთა კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარე;
  10. ნუგზარ კოხრეიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე;
  11. გიორგი მარიამიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის“ დირექტორი;
  12. სერგო მახარაძე - „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ იურისტი;
  13. მაკა მინდიაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ხმის“ დამფუძნებელი;
  14. ჯემალ ნათელაშვილი - „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი;
  15. ნიკოლოზ ნიკოლაძე - საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი;
  16. ქეთევან ჩაჩავა - არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის“ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი;
  17. გიორგი ცობეხია - საადვოკატო ბიურო „გიორგი ცობეხია და პარტნიორების“ დირექტორი;
  18. იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამენტის წევრი;
  19. ნაზი ჯანეზაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი“.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს, 13:00 საათზე კანდიდატების შემფასებელ ჯგუფთან შეხვედრა გაიმართება. შემფასებელთა ჯგუფი 13 ოქტომბრამდე წარადგენს კანდიდატების შეფასებას, იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც რეგლამენტში და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაშია გაწერილი.

„არის შეფასების 4 კრიტერიუმი - რეპუტაცია, მიუკერძოებლობა, განთლება და გამოცდილება. 13 ოქტომბრის ჩათვლით, წარმოადგენენ შეფასებებს და შემდეგ უკვე პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს და პარლამენტის 7 კაციან ჯგუფს ექნება შესაძლებლობა 21 ოქტომბრის ჩათვლით დაასახელონ მათი კანდიდატი. უნდა დასახელდეს მინიმუმ 7 კანდიდატი იმისთვის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. უმრავლესობის ფრაქცია დასახელებამდე პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და მას შემდეგ, რაც მინიმუმ 7 კანდიდატი დასახელდება, განაცხადებს თუ ვის ექნება მისი მხარდაჭერა წარდგენილი კანდიდატებიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მოქმედ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. Პარლამენტმა ახალ სახალხო დამცველს კენჭი 1-ელ დეკემბრამდე უნდა უყაროს.

სახალხო დამცველის არჩევას სულ მცირე 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 84 ხმა აქვს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.