ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილი პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ არალეგიტიმურ პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლას და „ჯანსაღი ოპოზიციის“ როლის შესრულებას აპირებს. ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
„ხალხის ძალა“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ სიით მონაწილეობდა. სიაში იყო მიხეილ ყაველაშვილიც, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.
მას შემდეგ, რაც ყაველაშვილს უფლებამოსილება შეუწყდა, არალეგიტიმურ პარლამენტში „ხალხის ძალას“ 8 ე.წ. დეპუტატი - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი ბერაია, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ზაალ მიქელაძე, ვიქტორ ჯაფარიძე - წარმოადგენს.
„საქართველოში არის ის პრობლემა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ოპოზიცია, არ არსებობს ის ჯანსაღი ძალა, რომელმაც უნდა შეასრულოს ოპოზიციის როლი - ეკამათოს ხელისუფლებას ქვეყნის განვითარებისათვის და აკრიტიკოს ხელისუფლება ქვეყნის წინსვლისთვის. საქართველოში ჩვენ დღეს გვყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ე.წ. რადიკალური ოპოზიცია.
გამომდინარე აქედან, ჩვენმა, პოლიტიკურმა პარტიამ „ხალხის ძალა“ გადავწყვიტეთ დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას.
ჩვენ დავანახებთ საზოგადოებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რაც არის სამწუხაროდ დავიწყებული, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიცია, როგორი უნდა იყოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტშია, არ არის ხელისუფლებაში, მაგრამ სურს იღვაწოს საქართველოს ინტერესებისთვის“, - თქვა მაჭარაშვილმა.
„ხალხის ძალა“ 2022 წლის აგვისტოში „ქართული ოცნებიდან“ ფიქციურად გამოყოფილმა დეპუტატებმა - სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააფუძნეს. მოგვიანებით მათ ვიქტორ ჯაფარიძე, დაჩი ბერაია, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძეც შეუერთდნენ. მეათე მოწვევის პარლამენტში ისინი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებოდნენ.
„ხალხის ძალის“ წევრები ამბობდნენ, რომ „ქართულ ოცნებიდან“ გამოყოფის მიზანი „ხალხისთვის სიმართლის გაზიარება“ იყო. სინამდვილეში, ისინი მმართველი პარტიის ანტიდასავლურ გზავნილებს აჟღერებდნენ და თავს ესხმოდნენ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, მათ შორის, ამერიკის შეეთებული შტატების ელჩს.
2023 წლის დასაწყისში „ხალხის ძალის“ ავტორობით პარლამენტში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა და საპარლამენტო უმრავლესობამ ის პირველი მოსმენითაც მიიღო, თუმცა პროტესტის შედეგად, მაშინ კანონზე უარის თქმა მოუწიათ. რუსული კანონი ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის 28 მაისს მიიღეს. მას „ხალხის ძალის“ ყველა წევრი უჭერდა მხარს.