კობახიძე ჩხრეკაზე: დაელოდეთ, გამოძიების ინფორმაცია შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„დაელოდეთ გამოძიების ინფორმაციას და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო. მე ვმარჩიელობ ახლა, მაგრამ მგონია, რომ შეიძლება იყოს საინტერესო“, - უთხრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, ამერიკულ კომპანია Concentrix-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

Concentrix-ი უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2021 წელს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შემოვიდა. კომპანიის ოფისი ვაკეში მდებარეობს. Concentrix-ი მომსახურებას მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს აწვდის ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, ელ. ვაჭრობის, საბანკო და სხვა სექტორებში. მას მსოფლიოს მასშტაბით 250 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

Concentrix-ის გარდა დღეს, 24 ოქტომბერს, დილით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის Atlantic Council-ის ქართველი თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას საცხოვრებელ ბინებშიც, საიდანაც ლეპტოპები და ტელეფონები წაიღეს. ბუზიაშვილი და გელავა რუსულ დეზინფორმაციას იკვლევენ. გარდა ამისა, სოფო გელავას მეუღლე, გიორგი ნონიაშვილი პარტია „ფედერალისტების“ პოლიტიკური საბჭოს წევრია.

„ამიხსნეს, რომ ეს [ჩხრეკა] არის დაკავშირებული იმ კომპანიასთან, რომელსაც დაკონტრაქტებული ვყავარ, თუმცა, რეალურად ვმუშაობ ატლანტიკურ საბჭოში. ეს არის ამერიკაში დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაცია, ჩემი საქმიანობა პირდაპირ არის დაკავშირებული დეზინფორმაციასთან, საინფორმაციო ოპერაციების კვლევასთან, რუსეთის ჩარევასთან. ამიტომ, ჩემთვის, ამ წუთას ძალიან საეჭვოა, რა ხდება. უბრალოდ მითხრეს, რომ ამ კომპანიასთან არის დაკავშირებული ფინანსური გამოძიება. რეალურად, ეს არის HR კომპანია, რომელიც არის დაკონტრაქტებული ატლანტიკური საბჭოს მიერ“, - თქვა სოფო გელავამ ტელეკომპანია „პირველთან“.

საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისში ბიზნესმენ ვალერი ტყეშელაშვილის სახლიც გაჩხრიკა. როგორც ტყეშელაშვილი ამბობს, დილით მის ოჯახში ჯერ უბნის ინსპექტორები მივიდნენ, შემდეგ კი ფინანსური პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც განუცხადეს, რომ ქოლცენტრებთან მის კავშირზე აქვთ ეჭვი. „ბოლო 10 წელია საქართველოში არ ვიმყოფებოდი, რამდენიმე თვეა ჩამოვედი და მშობლების სახლში ვარ. ქოლცენტრთან არანაირი შეხება არ მქონია. ვარ, ძირითადად, საგანმანათლებლო სფეროში და საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ვაკეთებ შესყიდვების სისტემას. არასდროს არაფერი მქონია საერთო ქოლცენტრებთან. რისი მიღწევაც უნდათ არის ის, რომ დააშინონ ხალხი. ჩვენი ოჯახი არ არის „ქოცების“ მხარდამჭერი, არც არასდროს ყოფილა“, - განაცხადა ვალერი ტყეშელაშვილმა.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სადაც ნათქვამია, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე.წ. ქოლცენტრში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები. მიღებული ინფორმაციით, ქოლცენტრების საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან“, - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში და აღნიშნეს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდიან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.