თბილისში, ქარელსა და გორში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 7 პირი დააკავეს, ხოლო 5 პირს, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფ 4 ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
დაკავებულები არიან 2000 წელს დაბადებული გ.ჭ.; 1972 წელს დაბადებული ზ.გ. (მეტსახელად „ბახა“) და წარსულში ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული დ.ღ. (მეტსახელად „შრამიანი“); 1981 წელს დაბადებული მ.ბ.; 1995 წელს დაბადებული გ.კ.; 1978 წელს დაბადებული ზ.დ. და 1995 წელს დაბადებული დ.ი. (მეტსახელად „შოკი“).
ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ წარსულში ნასამართლევ 1986 წელს დაბადებულ ვ.ჩ.-ს (მეტსახელად „ცქნაფა“) და საზღვარგარეთ მყოფ 4 „კანონიერი ქურდს“: 1961 წელს დაბადებულ არიკი მიხაელს (მეტსახელად „იზიკი“); 1981 წელს დაბადებულ ილია გაგლოევს (მეტსახელად „ილო კალინინგრადსკი“); 1974 წელს დაბადებულ პაატა ვაშაკიძეს (მეტსახელად „ეშხა“) და 1982 წელს დაბადებულ მალხაზ დარჩიევს (მეტსახელად „მახო“)
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ „ქურდული“ სამყაროს წევრებს მიმართა და ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ კონფლიქტის მოგვარება სთხოვა. „ქურდული სამყაროს“ წევრებმა თავის მხრივ საქმეში „კანონიერი ქურდები“ ჩართეს. კონფლიქტის მოგვარებისთვის მიღებული თანხა მათ პირადად მოიხმარეს და არ გადაუციათ „კანონიერი ქურდებისთვის“ - ილია გაგლოევისთვის და პაატა ვაშაკიძისთვის.
„მითვისებული თანხის შესახებ ცნობილი გახდა „კანონიერი ქურდებისთვის“ და ამ ქმედების განხილვისთვის „ქურდული“ გარჩევა მოეწყო. საქმეში ასევე, ჩაერთვნენ „კანონიერი ქურდები“ - არიკი მიხაელი, მეტსახელად „იზიკი“ და მალხაზ დარჩიევი, მეტსახელად „მახო“. ამავე, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, დაკავებულია 1995 წელს დაბადებული დ.ი. (მეტსახელად „შოკი“), რომელიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ სახელით მოქმედებდა და მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აიძულებდა“,- განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
საქმეზე გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.