რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 4 ოქტომბერს, მოსკოვში, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებს, სერგეი შამბას და ახსარ ჯიოევს ცალ-ცალკე და ერთად შეხვდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„სერგეი შამბასთვის ეს იქნება პირველი სამუშაო ვიზიტი რუსეთში აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მას შემდეგ, რაც 2024 წლის აგვისტოში ამ თანამდებობაზე დაინიშნა“, - თქვა ზახაროვამ ბრიფინგზე.
რუსი დიპლომატის ინფორმაციით, მინისტრები განიხილავენ რუსულ-აფხაზური და რუსულ-სამხრეთოსური ურთიერთობების აქტუალური საკითხების ფართო სპექტრს და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგს, ასევე ორმხრივი ინტერესის საკითხებსა და პრობლემებს.
„სამმხრივ მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდება საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემის ტრანსფორმაციის პრობლემატიკაზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებაზე, რა დროსაც აქცენტი გაკეთდება ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიდგომების კოორდინაციაზე“, - აღნიშნა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რამდენიმე დღის წინ, გაეროში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი (დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა) ქვეყნებად მოიხსენია და თქვა, რომ მხარეთა დაინტერესების შემთხვევაში, რუსეთი მზად არის, საქართველოს მათთან შერიგებაში დაეხმაროს. საქართველოს ხელისუფლებამ ლავროვის ეს განცხადება პოზიტიურად შეაფასა.
