ლევან ბერძენიშვილს თბილისში თავს დაესხნენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილს თბილისში თავს დაესხნენ. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა იმ დროს, როდესაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გამოსული ბერძენიშვილი ავტომობილისკენ მიდიოდა. უცნობმა მამაკაცმა მისი მიმართულებით კვერცხები ისროლა და „მოღალატე“ უწოდა. ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმას თვითმხილველიც ადასტურებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„გამოვედი ლექციიდან და პირდაპირ ქუჩაში შემხვდა ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დაიწყო „მოღალატე“, „ერეკლე“ და დედის გინება“, - იხსენებს ლევან ბერძენიშვილი ჟურნალისტებთან. „დედის გინების გარდა გამართულად ვერ თქვა ვერცერთი სიტყვა. მე ასეთი მოუმზადებელი კადრი დიდი ხანია არ მინახავს. როგორც ჩანს, ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე. „მოღალატე!“, „გაჩერდი!“, მე არ ვჩერდებოდი და მომდევდა, ვიდრე არ ამაღელვა და ორიოდე სიტყვა არ მათქმევინა. დედა არ შემიგინებია, რადგან მოქალაქეებს ვხედავდი. გულნატკენი ვარ, იმიტომ, რომ ეტყობა, რაღაც უნდა მომხვდეს, ისე არ დამთავრდება, უკვე მეოთხე თუ მეხუთე შემთხვევაა და როგორც ჩანს, ვერ დაოკდნენ“.

ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ მასზე თავდასხმები ხელისუფლების მიერ არის წახალისებული.

„რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას. არ შეიძლება ადამიანი, თან პროფესორის სტატუსით სარგებლობს, თუ არ ვცდები, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს, ერეკლე მეორე გალანძღა.

ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი და იმედი მაქვს, რომ მომავალში შუღლის, პოლარიზაციის, რადიკალიზმის გაღვივება არ მოხდება. ეს არის ჩემი დამოკიდებულება, ჩემი პოზიცია“, - განაცხადა მომხდართან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

დღევანდელი თავდასხმა ლევან ბერძენიშვილის მიმართ აგრესიის პირველი შემთხვევა არ არის. 15 მაისს, ლიტერატორმა განაცხადა, რომ სახლთან 15-20 ნიღბიანი პირი იმ დროისთვის, როცა უნივერსიტეტიდან შინ უნდა დაბრუნებულიყო. უცნობი ადამიანები ბერძენიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციელებისა და ჟურნალისტების მისვლის შემდეგ წავიდნენ. ლევან ბერძენიშვილი მომხდარს „ქართული ოცნების“ მხრიდან შურისძიების გაგრძელებად მიიჩნევდა და უკავშირებდა მის წინააღმდეგ ერთი კვირით ადრე დაწყებულ ახალ კამპანიას - თითქოს, ხევსურებს შეურაცხყოფა მიაყენა.

16 იანვარს, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ წევრებმა, დაახლოებით 20-მა ადამიანმა, ლევან ბერძენიშვილს ყვარელში, ილია ჭავჭავაძის შესახებ საჯარო ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. პრორუსული პარტიის წარმომადგენლები ბერძენიშვილს ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის შესახებ გამოთქმული მოსაზრებების გამო დაუპირისპირდნენ და მის ავტომობილს გზა გადაუკეტეს. აქციის მონაწილეები ყვიროდნენ, რომ „ლევან ბერძენიშვილი მოღალატეა და ერეკლე მეფის შეურაცხყოფის გამო, კახეთი არ მიიღებს“. პოლიციელებმა არც გზა გახსნეს და არც ხულიგნობა აღკვეთეს.

23 იანვარს, მთავრობის პროპაგანდისტული ტელეარხის, POS TV-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე ქუჩაში მიმავალ ლევან ბერძენიშვილს დაეწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „ერეკლე მეფე გმირი იყო და თქვენ არაკაცი ხართ. აუცილებლად უნდა მეთქვა მთელი საქართველოს სახელით“, - უთხრა ბერიძემ ბერძენიშვილს. ჟურნალისტმა ეს გადაიღო და ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.