ლევან ცუცქირიძემ, მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელმა დირექტორმა, ახალი პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა. „თავისუფლების მოედანი“ მიზნად ისახავს „გააერთიანოს საზოგადოების ძალისხმევა ქართული დემოკრატიის გადარჩენის და ევროპული პერსპექტივის დაბრუნების საქმეში“. მოძრაობის თანადამფუძნებელთა შორის არიან განათლების ექსპერტი რეზო აფხაზავა, პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა, უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი გიორგი შაიშმელაშვილი, ჯანდაცვის სისტემების სპეციალისტი დავით გზირიშვილი, პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი ქობალია და განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
„ვაარსებთ ახალ მოძრაობას, „თავისუფლების მოედანს“ და ვიწყებთ პოლიტიკურ საქმიანობას. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა, საქართველოს მოქალაქეობა არის ბრძოლა გამარჯვებისთვის და არა ბრძოლა გამორჩენისთვის. აქ ვართ იმიტომ, რომ გვჯერა, ჩვენს ერთობას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს დემოკრატიის და ევროპული მომავლის გადარჩენასა და ამ ქვეყნის განვითარებაში. ამიტომ, თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ ვალდებულებას, გავაკეთოთ ის, რაც ჩვენი ვალია. ჩვენ ვხედავთ, რომ საჭიროა ახალი იდეების და ახალი ენერგიის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში. ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ პატიოსანი, მცოდნე და პატრიოტი ადამიანების პოლიტიკაში ჩართვით“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ „თავისუფლების მოედნის“ პრეზენტაციაზე.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მიმართულია თავისუფლების და ევროპული მომავლის განადგურებისკენ, მმართველმა პარტიამ ხალხს ვერცერთი დაპირება ვერ შეუსრულა და „სწორედ ამიტომ ცდილობს დემოკრატიის განადგურებას, რადგანაც ძალაუფლების უზურპაციის გარდა, ხელისუფლებიაში დარჩენის შანსი უბრალოდ აღარ აქვს“.
„მათ იმიტომ სურთ საქართველო რუსეთის მორჩილებაში დააბრუნონ, რომ მხოლოდ იქ ხედავენ მოკავშირეს ხელისუფლების უზურპაციის საქმეში. ამიტომ ცდილობენ დემოკრატიის მოსპობას რუსული კანონებით. და თუკი ისინი მოახერხებენ დემოკრატიის განადგურებას, მაშინ ყველაფერ დანარჩენსაც ადვილად გაანადგურებენ“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.
ახალი პოლიტიკური მოძრაობის დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ისინი მხარს უჭერენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებულ „ქართულ ქარტიას“.
„ხელისუფლების ცვლილება აუცილებლად უნდა მოხდეს 2024 წლის 26 ოქტომბერს - ჩვენი გამარჯვებების თარიღზე. მაგრამ ამან აუცილებლად უნდა მოიტანოს ისეთი ცვლილებები, რომელთა შედეგადაც, ვერცერთი ხელისუფლება ვეღარ გაბედავს ხალხისთვის მიცემული სიტყვის გატეხას, როგორც ეს„ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გააკეთა უკვე.
მიგვაჩნია, რომ ამ საქმეში, ყველა, ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, არის ჩვენთან. ამიტომ, მზადვართ, ყველა იმ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ ჯგუფთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას, ჩვენს მანიფესტს და სულისკვეთებას.
ჩვენ მოვდივართ პოლიტიკაში არა პოლიტიკური სივრცის დანაწევრებისთვის, არამედ მისი გაერთიანებისთვის“, - თქვა ლევან ცუცქირიძემ.
დამფუძნებლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „თავისუფლების მოედანი“ პოლიტიკური მოძრაობაა და არა პარტია.