საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ მის ოჯახს „აბსოლუტურად კანონიერი“ შემოსავლები აქვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ანტიკორუფციული ბიურო მის დეკლარაციას ყოველ წელს ამოწმებს.
„არც ერთხელ, არც ერთ საკითხზე კითხვა არ ყოფილა, რაზეც მე პასუხი არ გამიცია. კითხვა არ არსებობს უბრალოდ. ჩემს ოჯახს აქვს აბსოლუტურად ლეგალური შემოსავლები, კანონიერი ბიზნესსაქმიანობა. ამის თაობაზე თუ დაინტერესდებით, მე მზად ვარ, რომ მთელი ინფორმაცია მოგაწოდოთ. თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, საიდან აქვს მამაჩემს, რომელსაც მოიხსენიებთ როგორც პენსიონერს...
მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მამაჩემს ოფიციალურ საკუთრებაში აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა და ქონება, რომელიც მან შექმნა იგივე... არ ვიცი ახლა... მოკლედ, სხვადასხვა საშუალებებით“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მამის, ტარიელ ღარიბაშვილის შესახებ.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის ანაზღაურება 45 104 ლარი იყო. თუმცა, ერთი წლის განმავლობაში მისი ოჯახის გასავალმა 130 000 ლარს გადააჭარბა. ღარიბაშვილებმა 20 000 დოლარი მოგზაურობაში დახარჯეს, 15 000 ლარი ოჯახის წვეულებაში, თითქმის 43 000 სამი არასრულწლოვანი შვილის განათლებაში. ირაკლი ღარიბაშვილის ცოლმა, ნუნუ თამაზაშვილმა 25 809 ლარი ბანკ „ქართუში“ შეიტანა ბაკურიანში სახლის მშენებლობისთვის აღებული სესხის დასაფარად.
2023 წელს, ისევე როგორ წინა წელს, ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს. გარდა ამისა, ტარიელ ღარიბაშვილმა 109 500 ლარი გადაიხადა იმ სამთავრობო თვითმფრინავის დასაქირავებლად, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმავალი შვილი, 18 წლის ნიკოლოზი მიუნხენამდე ჩაიყვანა.
2012 წლამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ტარიელ ღარიბაშვილი სოფელ წითელწყაროს რწმუნებული იყო და ბიზნესი არ ჰქონდა. მისი შვილის ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრად, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრად მუშაობის პერიოდში ტარიელ ღარიბაშვილი დიდძალი ქონების პატრონი გახდა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამა შპს „ქართული ფესვების“ 50%-იან წილს ფლობს, რომელიც გასულ წელს 200 000 ლარად იყიდა. იმავე წელს მან შპს „ღარიბაშვილის მარანი“ დააფუძნა, რომლის 100%-ის მესაკუთრეც თავადაა.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2024 წლის 29 იანვარს დატოვა, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს. ამას წინ უსწრებდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება.
„ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება“, - ივანიშვილის თქმით, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც პოლიტიკაში დაბრუნების და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.