პოლიციამ ერთი პირი დააკავა მარნეულის სოფელ დაშთაფაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის ჰუმბათ ჯალილოვის დაჭრის ფაქტზე. ჯალილოვი საავტომობილო გზის პირას ხილს ყიდდა, რა დროსაც იარაღიდან ესროლეს. ინციდენტი 4 ნოემბერს მოხდა. ჯალილოვი ფეხში დაიჭრა, მას სამედიცინო დახმარება ადგილობრივ საავადმყოფოში გაუწიეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„ასიმ გულიევი მიუახლოვდა და თოფიდან ესროლა. მეორე ტყვიას რომ დებდა, ხელი ადგილზე მყოფებმა შეუშალეს. თავდამსხმელს, ასიმ გულიევსა და ჩემს დეიდაშვილს 2020 წლის არჩევნების პერიოდში კონფლიქტი ჰქონდათ. გულიევი „ქართულ ოცნებას“ ეხმარებოდა, ჰუბათ ჯალილოვი კი ოპოზიციას. როგორც გავიგე დაპირისპირებაც იმ კონფლიქტის გაგრძელებაა“, - ამბობს „მთავარ არხთან“ დაჭრილის ნათესავი ილგარ ალიევი.
„ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ორგანიზაციის ხელმძღვანელის აზად ქარიმოვის თქმით, ინციდენტი ნამდვილად 2020 წლის არჩევნებისას მომხდარი კონფლიქტის გაგრძელებაა. „მაშინ ჯალილოვმა „ქართული ოცნების“ აქტივისტი გაყალბების ფაქტზე გამოიჭირა, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. დღემდე გაგრძელდა და ბოლოს ასე დასრულდა. ვითხოვთ, მთელი სიმკაცრით დაისაჯოს“, - ამბობს ქარიმოვი. ის მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია 2024 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციის აქტივისტების დაშინებას ცდილობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშთაფაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს.
ამავე რეგიონში, 1-ელ ნოემბერს, თავს დაესხნენ დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს გიორგი ტატუაშვილს და მის ავტომობილს, რომლითაც ის თბილისიდან დმანისში მიემგზავრებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთჯერ ესროლეს. როგორც ტატუაშვილი ამბობს, ერთი ტყვია მძღოლის სავარძელშია გაჭედილი. თავდასხმა სოფელ დიდ დმანისში მოხდა. ტატუაშვილმა მომხდარი თავის პოლიტიკურ საქმიანობას დაუკავშირა. იგი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია.
