გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმა ათამდე პირმა განახორციელა. ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. მან თავდამსხმელები არ დაასახელა და თქვა, რომ „ამ პრეროგატივას“ გამოძიებას უტოვებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- 6 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
„დაასახელონ თავდამსხმელების ვინაობა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო დაპირისპირება, ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა, რაც განხორციელდა მარტო მყოფი გიორგი გახარიას მიმართ. დაახლოებით ათამდე ადამიანი ფიზიკურად უსწორდებოდა მას. რამდენიმე მათგანი ჩვენთვის ცნობილია, თუმცა ველოდებით გამოძიებას, რომელმაც უნდა დადოს შედეგი. ეს ადამიანები უნდა გამოძვრნენ საკუთარი სოროებიდან და საკუთარი პირით უნდა აღიარონ ორგანიზებული თავდახმა“, - განაცხადა სიჭინავამ.
ყოფილ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში ღამის საათებში მოხდა. როგორც ბერდია სიჭინავა ამბობს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ „მომენტალურად“, მაშინ, როცა სასტუმროში შედიოდა.
„ორგანიზებული თავდასხმა რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა სასტუმროს დაცვის სამსახური კონფლიქტში ჩართული, მისი განეიტრალების მიზნით, არ ყოფილა“, - აღნიშნა სიჭინავამ.
პარტია „საქართველოსთვის“ მომხდარს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს.
„ბიძინა ივანიშვილი ანგარიშსწორებით საჯაროდ დაემუქრა გიორგი გახარიასა და მის გუნდს. გუშინ, გიორგი გახარია იმყოფებოდა ბათუმში, დაკავებული ახალგაზრდების და ჟურნალისტების, რეჟიმის სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად. ივანიშვილის დავალებით, რომელიც ყველა უღირსი მეთოდით ცდილობს რეჟიმის გადარჩენას, გახარიაზე განხორციელდა ორგანიზებული თავდასხმა“, - თქვა სიჭინავამ დღევანდელ ბრიფინგზე.
გახარიაზე თავდამსხმელთა შორის იყვნენ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და „ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე. გავრცელებული ინფორმაციით, ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა ძიუდოისტი და არალეგიტიმური პარლამენტის წევრი ვარლამ ლიპარტელიანიც.
მანამდე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სასტუმროს ლობიში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერს, ზვიად ქორიძეს. ქორიძის მონაყოლის მიხედვით, მისთვის პროვოკაციის მოწყობა დიმიტრი სამხარაძემ სცადა, რომელიც მას ემუქრებოდა და აგინებდა.
პოლიცია ადგილზე დაგვიანებით მივიდა. დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გამომძიებლებს შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული არ ჰქონდათ, რაც მტკიცებულებების განზრახ განადგურებაზე ეჭვებს აჩენს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე - ძალადობის მუხლით დაიწყო.
გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. როგორც ბერდია სიჭინავამ განაცხადა, ის მკურნალობას თბილისში, საკუთარ სახლში გადის და პოლიციას ამ დრომდე არ გამოუკითხავს.