ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი შესაძლოა ჩავარდეს, თუ ოპოზიცია მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებული ხუთი „ნეიტრალური“ კანდიდატიდან რომელიმეს არ დაუჭერს მხარს. „ქართული ოცნებისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი გიორგი ბურჯანაძისა და ანა აბაშიძის კანდიდატურები მიუღებელია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„გამორიცხვის მეთოდით დატოვებული რვა კანდიდატიდან, რომელიც წინა შემთხვევაში ჩვენ მიერ იყო დასახელებული, შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ რომელიმე მათგანისთვის მაინც დაეჭირათ მხარი. ჩვენი მხრიდან იყო კომპრომისი დაშვებული იმასთან დაკავშირებით, რომ ამოერჩიათ ხუთი კანდიდატიდან (ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა) ერთი, რომელიც მათ ნებავდათ. მათი კატეგორიული პოზიცია გახლავთ ის, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ორი კანდიდატის (გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე) გარდა, ისინი მხარს არ დაუჭერენ სხვა კანდიდატს. ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი, ერთ-ერთი მთავარი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სხვა დანარჩენ არგუმენტებს, არის პოლიტიკური მიუკერძოებლობა. ვიცით, რომ მათ მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ამის შესაძლებლობა გამორიცხულია, მათ შორის, გარკვეული უხერხული მომენტი არსებობს კოლეგის, იაგო ხვიჩიას მიმართაც, თუმცა პოლიტიკური პარტიის ლიდერი ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ მოახერხებს მომავალში, არჩევის შემთხვევაში პოლიტიკურ მიუკერძოებლობას. აქედან გამომდინარე, დარჩა ხუთი კანდიდატი, სადაც ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მიუკერძოებლობის მეტ-ნაკლები გარანტია. გვრჩება იმედი, თეორიულ შანსს ვხედავ მე პირადად, რომ კიდევ ერთხელ გადააფასონ მოვლენები, კიდევ ერთხელ წინ დააყენონ ევრორეკომენდაციების შესრულების უპირატესი, საქვეყნო, სახელმწიფოებრივი ინტერესი და იქნებ შეცვლილი პოზიციით დაბრუნდნენ. თუ ეს არ მოხდება, მაშინ, რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე ჩავარდნის. შემდეგ კიდევ გვეყოლება ახალი კანდიდატები მოსაძებნი, ახალი პროცესი და ა.შ.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ხუთი კანდიდატიდან მხარს არცერთს დაუჭერენ.
„ჩვენი მხრიდან ორი კანდიდატი არის დაკონკრეტებული. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მათ კანდიდატები არ ჰყავთ, მაგრამ გვთავაზობს იმ სიიდან ხუთ ადამიანს, რომლებიც კენჭისყრაზე გამოვლენ. ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, პროფესიული თვისებებით და სტანდარტებით, ბურჯანაძე და აბაშიძე გაცილებით გამოირჩევიან ხუთეულისგან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა“, - აღნიშნა დეკანოიძემ.
ის მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ წევრების არგუმენტები გიორგი ბურჯანაძისა და ანა აბაშიძის წინააღმდეგ პოლიტიკურია და არა პროფესიული, რადგან ორივე კანდიდატმა შესარჩევი კონკურსის დროს უმაღლესი ქულები მიიღო. „ქართული ოცნება“ მხარს არ უჭერს არც ნაზი ჯანეზაშვილს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ არამოსამართლე წევრს და „საქართველოს სასამართლო გუშაგის“ დამფუძნებელს.
გიორგი ბურჯანაძე 2018 წლის დასაწყისიდან საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეა, ხოლო ანა აბაშიძე არასამთავრობო ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელობს.
სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს დაუმთავრდა. ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა და დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ ივნისში, საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან, რომელთა შესრულება აუცილებელია ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.