პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველობის 19 კანდიდატს კენჭი უყარეს. ყველაზე მაღალი, 9 დეპუტატის მხარდაჭერა გიორგი ბურჯანაძემ მიიღო, რომელიც მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილეა. ბურჯანაძის კანდიდატურას რეკომენდაციას უწევენ „ქართული ოცნების“, „ლელოს“, „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ჩვენი ფრაქციის მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ ყველა კანდიდატს, რომლის განხილვაც რეალურად განხორციელდა, ვინც უარი არ თქვა უშუალოდ პროცესში მონაწილეობაზე. ეს არა იმიტომ, რომ ერთგვაროვნად და ერთნაირად შევაფასებთ ყველა კანდიდატის შანსს და ყველა კანდიდატის ავკარგიანობას ნებისმიერი კრიტერიუმის მიხედვით, არამედ იმიტომ, რომ ხელი არ შევუშალოთ პოლიტიკური კონსულტაციების პროცესს, რომელიც მიმდინარეობს და ეს მრავალფეროვნება, რომელიც ამ პროცესმა უზრუნველყო, მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.
კომიტეტში „ქართული ოცნების“ ექვსივე წევრმა მხარი დაუჭირა ყველა კანდიდატს, ჯემალ ნათელაშვილის, ნიკოლოზ ნიკოლაძის, გიორგი ცობეხიას გარდა, რადგან მათ კონკურსიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადეს. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ვერ მიიღო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, „საქართველოს სასამართლო გუშაგის“ დამფუძნებელმა ნაზი ჯანეზაშვილმა იმის გამო, რომ მან პარლამენტში გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ნაზი ჯანეზაშვილს პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნატო ჩხეიძემ დაუჭირეს მხარი, თუმცა, როგორც მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, კომიტეტის დადებითი რეკომენდაციის მისაღებად ორი ხმა საკმარისი არ არის.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს ანა აბაშიძეს კომიტეტის 13 წევრიდან მხარი 7-მა დაუჭირა - „ქართული ოცნების“ 6-ვე დეპუტატმა და ანა ნაცვლიშვილმა. სახალხო დამცველობის დანარჩენმა კანდიდატებმა - მარიკა არევაძემ, ლელა გაფრინდაშვილმა, სოფიო დემეტრაშვილმა, თინათინ ერქვანიამ, ევგენია თავაძემ, ალექსანდრე კობაიძემ, ლევან კოკორაშვილმა, ნუგზარ კოხრეიძემ, გიორგი მარიამიძემ, სერგო მახარაძემ, მაკა მინდიაშვილმა, ქეთევან ჩაჩავამ და იაგო ხვიჩიამ მხოლოდ „ქართული ოცნების“ 6 წევრის მხარდაჭერა მიიღეს.
პროცედურის მიხედვით, პარლამენტის პლენარულ სხომაზე კენჭი სახალხო დამცველობის ყველა კანდიდატს ეყრება. ახალი სახალხო დამცველის 6 წლის ვადით არჩევას სულ მცირე 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუ საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ ხმათა თანაბრად გაყოფის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, კანდიდატებს ერთად ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედისა (90 დეპუტატი). ხმათა თანაბრად გაყოფის განმეორების შემთხვევაში კენჭისყრის პროცედურა გაგრძელდება გამარჯვებულის გამოვლენამდე. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, კენჭისყრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ეწურება.