საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მის დაქვემდებარებაში არსებულ ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, „საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად“, გადახედოს გადაწყვეტილებას, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად იქნა ცნობილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
კობახიძემ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც წინ უძღოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისიის შეფასება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს „სავალალო გადაწყვეტილება“ საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობის მიმართ საზოგადოების ნდობას ძირს უთხრის.
„ის ფაქტი, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აქვს განცხადებული საარჩევნო მიზანი და ის აწარმოებს ღია საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას მმართველი პარტიის წინააღმდეგ, რისთვისაც შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებსაც იყენებს, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია. აქედან გამომდინარე, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, სამართლებრივი თვალსაზრისით, უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით არის დასაბუთებული და სრულად შეესატყვისება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების მართებულობა პირველი ინსტანციის სასამართლომაც დაადასტურა.
თუმცა, სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.
ამასთან, სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებზეც, მიუხედავად, იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოუცხადა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნისა და მისი მრავალწლიანი რადიკალური და მაპოლარიზებელი პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ ქართული საზოგადოებისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია. შესაბამისად, საზოგადოების მიერ სათანადო დასკვნების გამოსატანად, ამ ორგანიზაციისთვის არავითარი სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ არის აუცილებელი“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
ამასთან, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ ერთად, განცხადებული საარჩევნო მიზნით მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციებიც მოქმედებენ, რომლებიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებად არიან რეგისტრირებული.
„წმინდა სამართლებრივი მიდგომით მოქმედების შემთხვევაში, ანტიკორუფციულ ბიუროს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდება შეიძლება მოუხდეს ცესკოში ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული თითქმის ყველა ფინანსურად შეძლებული ორგანიზაციისთვის, რაც გარე მანიპულაციისთვის კიდევ უფრო აქტიურად შეიძლება იქნეს გამოყენებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და გადახედოს თავის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ“, - აცხადებს კობახიძე.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.
24 სექტემბერს, ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები ვრცელდება. 30 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელებმა განაცხადეს, რომ 24 წლის განმავლობაში პირველად, ორგანიზაციის სახელით საპარლამენტო არჩევნებს ვერ დააკვირდებიან, თუმცა გააგრძელებენ ინდივიდუალურ ბრძოლას ხმების დაცვისთვის.