„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების გამო, 24 წლის განმავლობაში პირველად, ორგანიზაციის სახელით საპარლამენტო არჩევნებს ვერ დააკვირდებიან, თუმცა გააგრძელებენ ინდივიდუალურ ბრძოლას ხმების დაცვისთვის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად“ იქნენ ცნობილი. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას ისახავს მიზნად.
„გადაწყვეტილების შეჩერებაზე ჩვენი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ფონზე, სასამართლო აგრძელებს საქმის წარმოებას ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. თუმცა, ამ გადაწყვეტილების შეჩერებაზე უარი ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიასთან, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი პარტიის საარჩევნო სუბიექტთან გათანაბრებულ პირად არის ამ დრომდე მიჩნეული.
ამ აბსურდული გადაწყვეტილების გამო, ჩვენზე ვრცელდება პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები, რაც ასევე გვავალდებულებს სპეციალური საარჩევნო ფონდის შექმნას, გვეკრძალება ნებისმიერი დასავლური დაფინანსების მიღება და ხარჯვა, ასევე გვეკისრება პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო ფინანსური ანგარიშების წარდგენა“, - განაცხადა ორგანიზაციის რეგიონული ოფისების მენეჯერმა ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არ აღიარებს „აბსოლუტურად უკანონოდ მინიჭებულ სტატუსს“. ზვიად ქორიძემ ხაზი გაუსვა, რომ არც ორგანიზაცია და არც მისი აღმასრულებელი დირექტორი არჩევნებში არ იყრის კენჭს, პოლიტიკური პარტიების სიებში კი არ ფიგურირებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ არცერთი წარმომადგენელი.
„არ ვაპირებთ „ქართული ოცნების“ ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნების შესრულებას. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ჩვენს მიერ დაანონსებული კოალიციური დაკვირვებისა და სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსი არ გაგვიუქმეს, მოკლებული ვართ შესაძლებლობას უშუალოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სახელით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დავაკვირდეთ. ორგანიზაციის არსებობის 24 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბნებზე ჩვენი სახელის ქვეშ დარეგისტრირებული არც ერთი დამკვირვებელი არ გვეყოლება.
მიუხედავად ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თითოეული თანამშრომელი გამოვიყენებთ ჩვენს გამოცდილებას, ცოდნას და ინტელექტუალურ რესურსს, რათა სადამკვირვებლო მისიას „ჩემი ხმა“ და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს დავეხმაროთ არჩევნების მაღალკვალიფიციურ დაკვირვებაში. ჩვენ ეს ბარიერები არ გაგვაჩერებს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლისათვის! ჩვენ დავიცავთ ყველას ხმას“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ 24 სექტემბერს გამოაცხადა. შესაბაისად, მათზე პოლიტიკური პარტიების მიმართ მოქმედი შეზღუდვები გავრცელდა.
ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ გიგაური საპარლამენტო არჩევნებს მოიხსენიებს როგორც ერთგვარ რეფერენდუმს რუსეთსა და ევროკავშირს შორის, რაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ემთხვევა. გადაწყვეტილებაში ანტიკორუფციული სააგენტო ციტირებს ეკა გიგაურის მიერ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაკეთებულ განცხადებასაც: „ქართველებისთვის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ფაქტობრივად რეფერენდუმია! მკაფიო არჩევანი დემოკრატიულ, წარმატებულ ევროპულ მომავალსა და ჭაობში ჩარჩენილ რუსეთის სატელიტად გახდომას შორის“. ამასთან, გადაწყვეტილებაში არ არის მოყვანილი გიგაურის ან მისი ორგანიზაციის რომელიმე წარმომადგენლის განცხადება, რომლითაც ისინი ამომრჩეველს კონკრეტული პარტიის მხარდაჭერისკენ, ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. კიდევ ერთი არგუმენტი, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელი „საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ ცნეს, წინასაარჩევნო კამპანიაში „ჩემი ხმა ევროკავშირს“ მონაწილეობაა.
ანტიკორუფციულმა ბიურომ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოაცხადა სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლებიც - სოფიკო ჭყონია, ნიკოლოზ შურღაია, გიორგი რუხაძე, შალვა ძებისაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, ლელა ჯეჯელავა, გიორგი თაქთაქიშვილი და ივანე ჭყონია.