ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყანას დაბრკოლებებს უქმნის. „ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ კრიტიკას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ჩვენ განვიხილავთ საქართველოში არსებულ ვითარებას. სრულიად ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირის გზაზე, თუმცა, ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც ამ გზაზე დაბრკოლებებს ქმნის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ხალხს ჰქონდეს უფლება თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ გზასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას ნამდვილად აქვს გადამწვეტი მნიშვნელობა“, - თქვა ლიურმანმა.
გერმანელი დიპლომატის განცხადებას მმართველი პარტიის გენერალური მდივანი და თბილისის მერი გამოეხმაურა. კახა კალაძემ ანა ლიურმანი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს შეადარა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ხშირად აკრიტიკებს.
„ამ ტიპის განცხადება უამრავი გვაქვს მოსმენილი და ზერო, ნული, ჩალის ფასი აქვს ამ განცხადებებს.
არ ვიცი, ვინაა ეს ქალბატონი, ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში. ეს არის დღევანდელი ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ. დღეს რასაც ისინი კადრულობენ და აკეთებენ, არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან.
ჩვენ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი გვინდა. ევროპას რატომ აქვს ფასი? იმით, რომ განსხვავებული სახელმწიფოები არის იქ, რომელსაც თავისი კულტურა, ტრადიციები აქვთ. ამ მრავალფეროვნებით არის ევროკავშირი და ზოგადად, ევროპა საინტერესო. თუ ამ ყველაფერს ხაზი გადავუსვით და ერთნაირად დაშტამპულები უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება თუ ევროკავშირის? თუ ამ ფორმით უნდა ვიყოთ. წარმოუდგენელია. ეს დამოკიდებულება მისაღები არ არის“,- განაცხადა კალაძემ.
ანა ლიურმანის დღევანდელ განცხადებას წინ უძღოდა ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება, სადაც ისინი აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია. ვაიმარის სამკუთხედი საქართველოს მთავრობას მოუწოდებდა, შეცვალოს თავისი მიმდინარე ქმედებები, რადგან „სასწორზეა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მასშტაბები და სიღრმე“.
გარდა ამისა, გერმანიის პარლამენტმა, ბუნდესტაგმა მიიღო მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების მიერ ინიცირებული რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, რომლითაც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ აკრიტიკებს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ „ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურსს“. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამ კურსით, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მოსახლეობის ფართო უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს.