გერმანიის პარლამენტმა, ბუნდესტაგმა, მხარი დაუჭირა მმართველ კოალიციაში შემავალი სოციალ-დემოკრატიული პარტიის, კავშირი 90/მწვანეების და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის რეზოლუციას სახელწოდებით - „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ აკრიტიკებს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ „ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურსს“. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამ კურსით, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მოსახლეობის ფართო უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს.
რეზოლუციით ბუნდესტაგი ფედერალურ მთავრობას მოუწოდებს, ევროპულ დონეზე დაჟინებით მოითხოვოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს, იქამდე, სანამ ძალაშია ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ [რუსული კანონი].
ბუნდესტაგის წევრები აცხადებენ, რომ ამგვარი კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. აღნიშნულია, რომ იგი ეწინააღმდეგება ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებული ცხრა რეფორმის პრიორიტეტიდან ორს - სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად საქმიანობის უზრუნველყოფასა და ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან ბრძოლას.
„ეს კანონი სულისკვეთებით რუსეთის „უცხოური აგენტების კანონს“ შეესაბამება“, - აცხადებენ ბუნდესტაგის წევრები.
რეზოლუციით გაკრიტიკებულია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ანტი-ლგბტ კანონიც. ბუნდესტაგი ფედერალურ მთავრობას მიმართავს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას აღნიშნული კანონმდებლობის გაუქმებისკენ მოუწოდოს, რადგან ის, ისევე როგორც, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგენს არა მხოლოდ თავდასხმას ლგბტქია+ თემზე, არამედ თავდასხმაა ადამიანის უფლებებზე, გამოხატვის თავისუფლებაზე და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე.
რეზოლუციის მიხედვით, გერმანიის მთავრობამ საქართველოს მთავრობას უნდა მოუწოდოს „შეაჩეროს მშვიდობიანი მომიტინგეების უკანონო დევნა პოლიციისა და პროკურატურის მიერ“.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობი თავისუფალ და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე უნდა იყოს დამოკიდებული.
„საქართველოსათვის მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება გზაგასაყარი გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ“.
ბუნდესტაგის წევრები მიიჩნევენ, რომ დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავდასხმები, რუსული კანონის ნეგატიური გავლენა მათ საქმიანობაზე, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები, რომელიც აძლიერებს მმართველი პარტიის გავლენას ცენტრალურ საარცევნო კომისიაზე, ისევე როგორც ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მხარდასაჭერად, ეჭვქვეშ აყენებს საპარლამენტო არჩევნების თანასწორობასა და თავისუფლებას.
რეზოლუაციაში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა ქვეყანაში შიშის ატმოსფეროს გაღვივებას ცდილობს, თავისი მზარდი ავტორიტარული ქმედებებითა და საზოგადოების პატრიოტად და მტრებად/მოღალატეებად დაყოფით.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბოლო განცხადება, რომ მას სურს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, ასევე აბსოლუტურად მიუღებელია და შეუთავსებელია დემოკრატიის ევროპულ გაგებასთან“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუციაში საუბარია მიზნობრივ სანქციებზეც - პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს თვალყური ადევნოს საქართველოში არსებულ ვითარებას, რათა გამოავლინოს ფაქტები, რამაც შესაძლოა ასეთი სანქციები განაპირობოს.
ამასთან, ბუნდესტაგი ფედერალურ მთავრობას მოუწოდებს, ევროპულ დონეზე ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობისათვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას, მიუხედავად მთავრობის მიერ დემოკრატიაში უკუსვლისა, რადგანაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს მთელ მოსახლეობას და პრო-ევროპულ ძალებსაც შეეხება.
ბუნდესტაგი ფედერალურ მთავრობას მიმართავს, მოუწოდოს რუსეთს, სრულად პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მკაცრად დაგმოს რუსეთის ნებისმიერი გავლენა რუსეთის ჯარების მიერ დე ფაქტო კონტროლირებად ტერიტორიებზე და აგრეთვე საქართველოს შემდგომი დესტაბილიზაციის მცდელობები.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრაქციამ და „სარა ვაგენკნეხტის კავშირის“ ჯგუფმა, ხოლო მემარცხენე ჯგუფმა თავი შეიკავა.
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფედერალურ მთავრობას მოუწოდებს, ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორებზე, რათა „შეწყვიტონ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების (რეჟიმის ცვლილების) ნებისმიერი მცდელობა“. ფრაქციის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული „მიუღებელი ჩარევა საშინაო საქმეებში, როგორიცაა დემოკრატიის და არასამთავრობო ორგანიზაციების სავარაუდო ხელშეწყობა“.