მოგვიანებით გავიგეთ, რომ ლავროვის შვილი იყო, ახლა სხვა გვარით არის - ვოლსკი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ადასტურებს, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული ქალიშვილი, ეკატერინა ვინოკუროვა იმყოფებოდა. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ლავროვის შვილი იყო. ახლა ის ვინოკუროვაა, სხვა გვარით არის - ქმრის გვარზეა. როგორც მეუბნებიან, ქმრის ძმის ქორწილი იყო და ქმრის ძმა საკმაოდ ისეთი, ანტი-რუსული განცხადებებით არის ცნობილი, მათ შორის, „ფეისბუქზე“ და საკმაოდ, პოზიტიური კომენტარები ჰქონია უკრაინელების მხრიდანაც. „არა ომს“, „არა უკრაინელებზე თავდასხმას“ და ა.შ. - მთლად ისეთი რადიკალური განცხადებები არ არის, რომ „ძირს პუტინი“, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ ისეთი, თავისუფლად მოაზროვნე ხალხია. ახლა, რა ურთიერთობა აქვს მამასთან... ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა, იქ ცხოვრობდა ეს გოგო, მე მგონი, ამერიკული პასპორტიც აქვს“, - განაცხადა ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ ამ თემაზე „ჭორაობა“ მისთვის სასიამოვნო არ არის.

„უსიამოვნო თემაა. ლავროვი ლიდერია იმ ქვეყნის, რომელიც ოკუპაციას ახდენს ჩვენი ტერიტორიების 20%-ის, მისი შვილი, ოჯახის წევრი...

მაგრამ როგორც კი ოჯახის წევრის თემაზე გადადიხარ, ანუ მამისთვის შვილს სთხოვ პასუხს, რაღაც ის თავაწეულობა, ის მხარგაშლილობა, რაც ქართველს ახასიათებს, ქათულ საზოგადოებას ახასიათებს, მის ტრადიციას, ყოფას - აი, ამ თემასთან დაკავშირებით რაღაც მაინც ცოტა სუსტად გამოვიყურებით.

ცუდია. არ მომწონს. არ უნდა ჩამოვიდეს ლავროვის შვილი აქ. მოხდა ხო? არ უნდა ჩამოვიდეს პოზნერი, არ უნდა ჩამოსულიყო მიხალკოვი, რომელსაც ეახლა და ქედმოხრით ელაპარაკებოდა სააკაშვილი. არ უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ პოზნერს, 90 წლის კაცს, ან ამ ქალს, თუნდაც ქორწილში, ჯოხით რომ გაეკიდები, რაღაც მთლად არ არის ის რეალოობა, რაც უნდა აისახოს. ჩვენ ევროპულობა და ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემა აისახება კონსტიტუციის პუნქტში, აისახება იმ ძალიან თამამ ნაბიჯებში და ძალიან მყარ პოზიციაში, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე დავაფიქსირეთ. ამით შენი პროდასავლურობა, მე მგონი, კნინდება - აი, ამ ჯოხით სირბილით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ეკატერინა ვინოკუროვა 1982 წელს ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაბადებული, თუმცა 2022 წლის აპრილიდან ამავე ქვეყნის მიერ არის სანქცირებული, ისევე როგორც მისი დედა, მარია ლავროვა. აშშ-ის გარდა, ვინოკუროვა დიდი ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის და უკრაინის მიერ შედგენილ სანქცირებულთა სიებშია.

ეკატერინა ვინოკუროვა რუსეთში კომპანია Smart Art-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. კომპანია მხატვრული სფეროს განვითარებით და საგამოფენო პროექტების ორგანიზებით არის დაკავებული. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ზოგიერთმა ევროპელმა არტისტმა Smart Art-თან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

ლავროვის ქალიშვილი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და კანადის მიერ სანქცირებული ალექსანდრ ვინოკუროვის ცოლია. ვინოკუროვს ხელმძღვანელი თანამდებობები უკავია საინვესტიციო კომპანია Maraton Group-სა და რუსეთის უდიდეს სურსათის კომპანია Magnit-ში, ასევე, წილებს ფლობს Demetra Holding-ში, რომელიც რუსული მარცვლეულის იმპორტიორი მეორე უმსხვილესი კომპანიაა. ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ ალექსანდრ ვინოკუროვს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის მთავრობასთან და ჩართულია ეკონომიკურ სექტორებში, რომლებიც უზრუნველყოფენ შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს რუსეთის მთავრობისთვის. 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ალექსანდრ ვინოკუროვი, სხვა 36 ბიზნესმენთან ერთად, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და რუსეთის მთავრობის სხვა წევრებს შეხვდა, რათა დასავლური სანქციების კვალდაკვალ სამოქმედო გეგმა განეხილათ. დამოუკიდებელი რუსული გამოცემის - „მნიშვნელოვანი ისტორიების“ (Важные истории) მასალის მიხედვით, ლავროვის სიძეს ისრაელის მოქალაქეობა აქვს.

19 მაისს თბილისში, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმამ, მოშე ვინოკუროვმა იქორწინა, დღეს, 20 მაისს კი წვეულება კახეთში, სასტუმრო-კომპლექსში „ყვარლის ტბა“ უნდა გამართულიყო, სადაც ახალდაქორწინებული წყვილი და მათი სტუმრები გუშინ ჩავიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში ცოლთან ერთად ალექსანდრ ვინოკუროვიც იმყოფებოდა.

ლავროვის ოჯახის წევრების ვიზიტი „ყვარლის ტბის“ შესასვლელთან პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და პოლიციის სხვა დანაყოფების თანამშრომლებმა, რომლებიც იქ გამთენიისას მობილიზდნენ, აქციის სულ მცირე 16 მონაწილე დააკავეს.

 

ამ თემაზე:

შს მინისტრისგან მივიღე პირობა, რომ ის ოჯახი წასულია, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება - პრეზიდენტი

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.