„თუმცა ძალიან გამიჭირდა დაკავშირება, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრისგან მივიღე პირობა, რომ წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას. ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება. ეს არის საზოგადოების გამარჯვება, როგორც თავის დროზე იყო გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა, მაგრამ ეს არის ერთი ინციდენტი და ამით პრობლემა არ იხნება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ნათესავების ქორწილის შესახებ, რომელიც ყვარელში დღეს უნდა შემდგარიყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 6 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
დღეს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა მთავრობას მოუწოდა, იხელმძღვანელოს სანქცირებულთა სიებით და საზღვრები დაიცვას:
„ყველას გვაქვს ჩვენი წილი ვალდებულება. საზოგადოება ყველაფერს აკეთებს და როგორც ვთქვი, საზოგადოების მიღწევაა, რომ ეს ხალხი დღეს წავიდა, მაგრამ საზოგადოებას ამაზე მეტი არ შეუძლია. მეც მაქვს ჩემი ვალდებულება, რომელიც არის, რომ ვიყო სადარაჯოზე, რომ ყოველთვის გამოვიყენო ის სიტყვა, რომელიც მე დამრჩენია, ყველგან, სადაც საჭიროა - დღეს აქ, ხვალ ბრიუსელში და სადაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ეს ქვეყნა იყოს თავის ადგილას, იქ, სადაც ეკუთვნის.
ცხადია, რომ მთავრობას აქვს თავისი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. პირველ რიგში, საზღვარი უნდა იყოს დაცული.
რას ნიშნავს, რომ არ ვიცოდით, ვინ შემოვიდა? რას ნიშნავს, რომ სანქცირებული და თან როგორი სანქცირებული - ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, იმ წრიდან, რომელიც უშუალოდ პუტინის წრეა, ჩამოდის ქვეყანაში და არ ვიცით? გუშინ, თურმე, არ იცოდნენ, რომ სააკაშვილი იყო შემოსული, დღეს არ იციან, რომ შემოდიან რუსები, როგორც უნდათ და სანქცირებული რუსები.
მე ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ საჩქაროდ შემოიტანონ ის სიები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, რომლებიც აწესებენ, ვინ არიან სანქცირებული პირები და ამ სიებით ვიხელმძღვანელოთ საზღვარზე, რათა არ შემოვიდეს არავინ, ვინც სანქცირებულია. ეს არის მინიმუმი დაცვა ამ ქვეყნის, რომელიც თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საფრთხის ქვეშ არის და საჭიროა, უფრო მეტად იყოს დაცული, ვიდრე ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ბევრად შორს და ბევრად დაცული არიან“, - თქვა ზურაბიშვილმა.
მედიაში გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ქორწილის გადახდის მიზნით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სიძის და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა, მოშე ვინოკუროვი იყო ჩამოსული.
მოშე ვინოკუროვმა და დიანა ახმადიშინამ სამოქალაქო ქორწინება თბილისში 19 მაისს გააფორმეს, რაც ახალდაქორწინებული წყვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებითაც დასტურდება. ამის შემდეგ ისინი, სტუმრებთან ერთად კახეთში გაემგზავრნენ, სადაც ორ სასტუმროში - ყვარელში მდებარე „ყვარლის ტბაში“ (Kvareli Lake Resort) და გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში Akhasheni Wine Resort & Spa-ში განაწილდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში იმყოფებოდა ალექსანდრ ვინოკუროვი და მისი მეუღლე, ეკატერინა ვინოკუროვა (ქალიშვილობის გვარი - ლავროვა). ორივე მათგანი, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ დაასანქცირა. საქართველოს არც შინაგან საქმეთა და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლა სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ყვარელში, სასტუმრო-კომპლექსთან გააპროტესტეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და პოლიციის სხვა დანაყოფების ასობით თანამშრომლის მობილიზება მოახდინა. საპროტესტო აქციაზე სულ მცირე 16 ადამიანი დააკავეს.