ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა წყაროებმა საქართველოდან და უცხოეთიდან, მომაწოდეს ინფორმაცია, რუსეთის დავალებით, საქართველოში „კადიროველების“ ჩამოყვანისა და მობილიზების შესახებ, რათა ისინი საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ყოფილიყვნენ და „ქართულ ოცნებას“ დახმარებოდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 4 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 5 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 6 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
ეს დანაყოფი, რომელსაც „კადიროველებს“ უწოდებენ, ოფიციალურად „როსგვარდიის“ შემადგენლობაშია. „როსგვარდია“ - ეს არის გასამხედროებული უწყება, რომელიც განცალკევებულია რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან და ემორჩილება რუსეთის პრეზიდენტს. „როსგვარდიას“, მის დანაყოფებს, ცალკეულ ჯგუფებს ძირითადად იყენებენ მიტინგების დაშლისას და მომიტინგეების მიმართ სასტიკი ანგარიშსწორებისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის ტერორისთვის. საყურადღებოა, რომ „კადიროველები“ მხილებულნი არიან მოროდიორობაში, მათ შორის, თავად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე (კურსკის ოლქი).
ერთ-ერთ წყაროს, რომელმაც ეს საგანგაშო ინფორმაცია მომაწოდა, ჯერ კიდევ 2012 წლიდან ვიცნობ. მაშინაც მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია, რომ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მკითხველისთვის სიმართლე გვეამბო - მთელი სახელმწიფო მანქანის პროპაგანდის მიუხედავად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით გვეთქვა, რომ ლაფანყურში ლიკვიდირებული პირები დაღესტნიდან შემოსული დივერსანტები კი არ იყვნენ, არამედ აქ შექმნილი, გაწვრთნილი და აღჭურვილი უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებიც. ამ წყაროს ინფორმაცია ყოველთვის მაღალი სანდოობით გამოირჩევა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ მოკლე დროში ვცადეთ მის მიერ მოწოდებული ცნობების შემოწმება, შევხვდით და ვესაუბრეთ არაერთ ადამიანს, ვისგანაც შეიძლება დამატებით რაიმე საყურადღებო გაგვეგო. პირადი კონტაქტებით ნაწილობრივ დავაზუსტეთ, რომ ასეთი ჯგუფი საქართველოში ნამდვილად იყო შემოყვანილი. წყაროების ინფორმაციით, „კადიროველების“ ნაწილი ცხოვრობდა ქობულეთში, ნაწილი თბილისში. არასაკმარისი მასალების გამო, მაშინ ინფორმაცია არ გამოვაქვეყნეთ და გავაგრძელეთ მუშაობა.
28 ნოემბერს, არალეგიტიმური ხელისუფლების გადაწყვეტილებას - უარი თქვას ევროინტეგრაციაზე, საქართველოს მოქალაქეების მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. ხუთი ღამეა აქციებს არბევენ.
ნიღბიანი პირები წინა ხაზზე მყოფ დემონსტრანტებს იტაცებენ, დაკავებულ პირებს სასტიკად ცემენ, აყენებენ სხეულის მძიმე დაზიანებებს და რაც ძალიან საყურადღებოა, ძარცვავენ - აქციის მონაწილეთა კუთვნილ ძვირადღირებულ ტელეფონებს ან ფულს, რაც თან აქვთ, იპარავენ.
ამგვარი პრეტენზია, მითუფრო ამ მასშტაბით, აქამდე, საქართველოში არცერთი დარბევის თუ მასობრივი დაკავებების დროს არ გამოუთქვამთ არც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირებს და არც მათ ადვოკატებს. უფლებადაცვითი ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა დაგვიდასტურეს, რომ მოროდიორობას ახლა მასობრივი ხასიათი აქვს.
სასტიკი დარბევების, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მოროდიორობის ფაქტების გამჟღავნების შემდეგ, ჩვენი წყარო კვლავ დაგვიკავშირდა ნიღბიან დამრბევებს შორის 30-მდე „კადიროველის“ ყოფნაზე. მან თქვა, რომ ჩვენი ჩეჩენი მეგობრები მომხდარს ძალიან განიცდიან და გვთხოვა, იქნებ, საპროტესტო აქციაზე, საჯაროდ, ჩეჩნურ ენაზე, მიკროფონით მიგვემართა „კადიროველებისთვის“, რომ ჩვენ ვიცით მათი აქ ყოფნის შესახებ.
კიდევ ერთი წყაროს ცნობით, რომელიც ასევე ჩეჩენია და საქართველოში არ ცხოვრობს, უშუალოდ პუტინის დავალებით მოვლენილ „კადიროველებს“, თბილისში აქციების დარბევის ან მომიტინგეების ცემის დროს საუბარი საერთოდ აკრძალული აქვთ.
კომუნიკაციის განახლების შემდეგ, ჩვენ კიდევ შევხვდით არაერთ ადამიანს, მათ შორის, საქართველოში მცხოვრებ რამდენიმე ეთნიკურ ქისტსა და ჩეჩენს, რომლებსაც, შესაძლოა, ამ საკითხზე გარკვეული, დამატებითი ინფორმაცია ჰქონოდათ. დავაზუსტეთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მჭიდროდ დაკავშირებულმა ადგილობრივმა ჩეჩნებმა (ჩვენთვის ცნობილია მათი ზუსტი ვინაობა) ისინი გააფრთხილეს, არ მიეღოთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართულ აქციებში მონაწილეობა, მითუფრო, არ ყოფილიყვნენ წინა ხაზზე სიტუაციის სენსიტიურობის გამო („კადიროველებთან“ შემხებლობაში რომ არ მოხვედრილიყვნენ).
გერმანიაში პუტინის დავალებით მოკლული ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის გარემოცვის ორმა წევრმა დაგვიდასტურა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბერი-3 დეკემბრის პერიოდში, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დამრბევებს შორის, ქცევის, გადაადგილების, სირბილის და მომზადების სხვა მანერებით მათთვის „კადიროველები“ იდენტიფიცირებადი იყვნენ.
დღეისათვის, საპროტესტო აქციების დაშლაში, მომიტინგეების სასტიკად ცემაში მონაწილე სპეცრაზმელებისა და ნიღბიანების იდენტიფიცირება ფაქტობრივად შეუძლებელია მაიდენტიფიცირებელი ნიშნის არქონის გამო. არადა, წელს, მაისში გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც ხელისუფლებას ავალდებულებს,
„როდესაც კომპეტენტური ეროვნული ორგანოები განათავსებენ ნიღბიან პოლიციელებს კანონის და წესრიგის შესანარჩუნებლად ან პირთა დაკავების მიზნით, ამ ოფიცრებს უნდა მოეთხოვოთ თვალსაჩინოდ გამოიტანონ გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები, როგორიცაა ნომრიანი საიდენტიფიკაციო სამკერდე ნიშანი“.
საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისს, „გავრილოვის ღამეს“, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ახლაც უგულებელყოფს.
დამრბევებს შორის „კადიროველების“ მონაწილეობაზე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ინფორმაციას განვაახლებთ.
„კადიროველები“ საქართველოში 2023 წელსაც იმყოფებოდნენ. ისინი ჩეჩენ „ბიზნესმენს“ და კადიროვის გარემოცვის წევრს, ასლანბეკ ახმედხანოვს, მეტსახელად „ჩორტს“ (ეშმაკი) ახლდნენ თან. იყვნენ თბილისსა და ბათუმში. თბილისში „კადიროველებს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მჭიდროდ დაკავშირებულმა ბიზნესმენმა საკუთარ რესტორანში უმასპინძლა. „ჩორტი“ და მისი თანმხლები „კადიროველები“ დააფიქსირეს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახლშიც. 2023 წლის 14 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC), ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (FSB) თანამშრომლობის გამო სანქციები დაუწესა. წყაროების მიერ მოწოდებული ცნობით, ასლანბეკ ახმედხანოვი მეგობრობს ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან, გიორგი შინჯიკაშვილთან, რომელსაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ასევე მოძალადეთა ჯგუფი ჰყავს.