საქართველოში გავლენიანი ჩეჩენი ბიზნესმენი, კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილი ასლანბეკ ახმეტხანოვი, მისი შვილი, ბოქსში რუსეთის სამგზის ჩემპიონი როხმან ახმეტხანოვი და მათი გარემოცვის წევრები იმყოფებოდნენ. „მერსედესის“ მარკის, რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების ესკორტი თბილისსა და ბათუმში დააფიქსირეს. საქართველოში მცხოვრები ჩეჩნები ახმეტხანოვს და მის გარემოცვას „კადიროველებს“ უწოდებენ. „კადიროველებად“ (кадыровцы) ჩეჩნეთში მოიხსენიებენ გასამხედროებული ქვედანაყოფის წევრებს, რომლებიც მხარს უჭერენ ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს და მის განკარგულებაში არიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ სავარაუდოდ დაცვასთან ერთად მყოფი ასლანბეკ ახმეტხანოვი O 777 OC 77 სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილში ჯდება. მოქალაქე ხათუნა მაღლაკელიძე წერს, რომ ვიდეო 26 მაისს, თბილისში გადაიღო. ავტომობილი რომ ჩეჩენ ბიზნესმენს ეკუთვნის, მისი შვილის, როხმან ახმეტხანოვის მიერ სოციალურ ქსელ Instagram-ში გამოქვეყნებული ვიდეოებით დასტურდება.
ახმეტხანოვები და მათი გარემოცვის წევრები საქართველოში სავარაუდოდ ორი კვირის წინ შემოვიდნენ. სწორედ ამ დროს აქვს გამოქვეყნებული როხმან ახმეტხანოვს ვიდეო, სადაც ერთმანეთის მსგავსი სანომრე ნიშნების მქონე ძვირადღირებული ავტომობილების კოლონა ავტობანზეა გაჩერებული. 22 მაისს, ახმეტხანოვებთან დაკავშირებულმა Instagram გვერდმა, გუდაურის გზაზე გადაღებული ვიდეოც გაასაჯაროვა.
ასლანბეკ ახმეტხანოვი ჩეჩნეთის ხელმძღვანელობასთან სოციალურად ახლო ელემენტად განიხილება. ის 2006 წელს დაფუძნებული კომპანია „იუგ-ნეფტის“ (Юг-Нефть) გენერალური დირექტორია. კომპანია რუსეთში ნავთობისა და გაზსადენების მშენებლობებისთვის აღჭურვილობისა და მასალების მიწოდებას უზრუნველყოფს.
რუსული გამოცემა „კომერსანტის“ ინფორმაციით, 2020 წელს, ახმეტხანოვი, დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხ წევრთან ერთად, უკანონო საბანკო საქმიანობისთვის გაასამართლეს. მოსკოვის პრესნენსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროკურორის მოთხოვნის საპირისპიროდ, რომელიც ყველა ბრალდებულისთვის 3-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის მისჯას ითხოვდა, ჩეჩენ ბიზნესმენს ერთწლიანი პირობითი პატიმრობა შეეფარდა. იგივე ბრალდებით ახმეტხანოვს ორთვიანი შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი 2017 წელსაც. „კომერსანტი“ წერს, რომ ასლანბეკ ახმეტხანოვის კომპანია სპორტულ შეჯიბრებებს აფინანსებდა.
2020 წლის აპრილში ტელეკომპანია „გროზნომ“ აჩვენა ათწუთიანი სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ მივიდა რამზან კადიროვი ჩეჩნეთის მუფტთან, რუსეთის დუმის დეპუტატ ადამ დელიმხანოვთან და ჩეჩნეთის მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, ასლანბეკ ახმეტხანოვთან სახლში და ქალების გარემოცვაში ალკოჰოლის დალევისა და იარაღის სროლისთვის საჯაროდ გალანძღა და დაამცირა. „ჩეჩენი ხალხის კიდევ ერთი ანტიგმირი ბოდიშს უხდის რამზან კადიროვს და მოსახლეობას უხამსი საქციელის გამო“, - იუწყებოდა ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელევიზია. გამოცემა „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, კადიროვის ვიზიტის შემდეგ, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ასლანბეკ ახმეტხანოვი მშობლიურ სოფელ გეხში არ გამოჩენილა. მისმა ცოლმა ვიდეომიმართვა გაავცელა, რომელშიც კადიროვს სთხოვდა, მისი ქმრისთვის ეპატიებინა. ახმეტხანოვი შინ სავარაუდოდ კადიროვის ნებართვით დაბრუნდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ასლანბეკ ახმეტხანოვი კრიმინალურ ავტორიტეტად მიიჩნევა და გარკვეულ წრეებში მეტსახელით „ეშმაკი“ (Черт) იცნობენ. როგორც „კავკაზსკი უზელის“ წყარო ამბობს, ახმეტხანოვს ბიზნესის კეთების უფლებას აძლევდნენ იმ პირობით, რომ სანაცვლოდ კადიროვის პროექტებს დააფინანსებდა.
ახმეტხანოვი სოფელ გეხიდან არის, თუმცა ოჯახთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს. თბილისსა და ბათუმში დაფიქსირებული ავტომობილების ორნიშნა კოდებიც - 77 - მოსკოვს ეკუთვნის. ჩეჩნეთის რესპუბლიკის კოდი 95-ია.
„ევროპული მდგრადობის ინიციატივის ცენტრის“ დამფუძნებელი, ექსპერტი აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სერგეი სუმლენი Twittet-ზე წერს, რომ ე.წ. ბლატნოი (კორუმპირებული) ნომრებს „777-77“ რუსეთში ჩვეულებრივ გასცემენ კრიმინალებზე, მთავრობის ან დაზვერვის სამსახურებზე. „საინტერესოა, რომ სერია 77 ახლად რეგისტრირებული ავტომობილებისთვის ოფიციალურად უკვე აღარ არსებობს, თუმცა სისტემის შიგნით მემკვიდრეობით გადადის“, - წერს ექსპერტი.
უცნობია, შვილის გარდა, ვინ ახლდა თან საქართველოში ახმეტხანოვს. სავარაუდოდ, მათ საქართველო უკვე დატოვეს და თურქეთში გადავიდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ჩეჩენი ბიზნესმენის საქართველოში შემოსვლა პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონალურმა მდივანმა და პარლამენტის წევრმა, დიტო სამხარაძემ დაადასტურა.
„რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ მეგობრებიც ახლდნენ. არცერთ მათგანს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ჰქონდა. სხვა დეტალებს მესაზღვრე ისედაც არ არკვევს - არ არის ძებნილი და არ აქვს ოკუპაციის კანონი დარღვეული. შესაბამისად, პრობლემა არავის შეუქმნია, შემოვიდნენ ტურისტებად, ფული დახარჯეს და წავიდნენ. დარღვევა რომ რამე ჰქონოდათ, არავინ შემოუშვებდა“, - დაწერა სოციალურ ქსელში სამხარაძემ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციაში, „რამდენიმე ათეული აქტივისტი“ კი ყალბ პატრიოტიზმში დაადანაშაულა: „ერთი საერთო აქვს „ნაცების“ მიერ ვინოკუროვის შემთხვევაში და დღეს აწეულ თემებს: თუ რომელიმე მათგანს შემოსვლისას რამე შეფერხება შეექმნებოდა, „ნაცები“ ატეხავდნენ ყვირილს, რომ ანტიპუტინისტ ვინოკუროვს, გროზნოს გადაყენებულ მერს და კადიროვის დაჭერილ ბიზნესმენს საქართველოში პრობლემები ექმნება. როცა მათ არავის პრობლემა არ შეექმნა და ეს სცენარი ჩაუვარდათ, მერე გახდნენ ისინი ლავროვის ნათესავები და დღეს - კადიროველები… ჩეჩნების საწვრთნელი ბაზები ჰქონდათ აქ მოწყობილი აგვისტოს ომის შემდეგ და ჩვენთან ქექავენ სისულელეებს. რა უნდა ველაპარაკო ამ მართლა მოღალატეებს“, - წერს დიმიტრი სამხარაძე.
მაისში საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ყვარელში დაგეგმილ საქორწინო ღონისძიებაზე დასასწრებად, თავად ლავროვის შვილი, ეკატერინა ვინოკუროვა და მისი მეუღლე, გავლენიანი ბიზნესმენი ალექსანდრ ვინოკუროვი ჩამოვიდნენ. ორივე მათგანი დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფოს მიერ არის სანქცირებული.
ალექსანდრ ვინოკუროვის ძმის, მოშე ვინოკუროვის ქორწილი სასტუმრო-კომპლექსში „ყვარლის ტბა“ 20 მაისს უნდა გამართულიყო. მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და პოლიციის სხვა დანაყოფების ასობით თანამშრომელი ჩაიყვანა. სამართალდამცველებმა დააკავეს სულ მცირე 16 ადამიანი, რომელიც სასტუმროს შესასვლელთან ლავროვის ოჯახის წევრების ვიზიტს აპროტესტებდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განმარტება არც ამ საკითხზე გააკეთეს.
ლავროვის შვილმა რომ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა დაადასტურა. გიორგი ვოლსკის თქმით, მოგვიანებით გაიგეს, რომ ეკატერინე ვინოკუროვა, რომელიც დღეს ქმრის გვარზეა, ლავროვის ქალიშვილია.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ საბაჟო სამსახურისთვის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი ოკუპაციის შესახებ კანონია და თუ ეს კანონი არ იყო დარღვეული, სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი, კონკრეტული პირები საქართველოში არ შემოეშვა.
ამ თემაზე:
საქართველოში არ შემოუშვეს რუსეთში „აგენტად“ გამოცხადებული ვიქტორ შენდეროვიჩი