ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს - კობახიძე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილისა და მისი ოჯახის წევრების შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება და ამაში პერსონალური სანქციებიც იგულისხმება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კობახიძის თქმით, სახელმწიფო უწყებებისთვის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი ოკუპაციის შესახებ კანონია და თუ ეს კანონი არ იყო დარღვეული, საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი, რომ კონკრეტული პირები საქართველოში არ შემოეშვა.

„პერსონების სანქცირებასთან დაკავშირებით მინდა, განვმარტო ორი რამ: პირველი -როდესაც ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს ამაში იგულისხმება მათ შორის პერსონალური სანქციებიც, ანუ ჩვენ არ ვუწესებთ რუსეთის ფედერაციას სანქციებს. ამაში იგულისხმება პერსონალური სანქციების არ დაწესებაც. ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია ჩვენი მხრიდან. მეორე - თეორიულადაც რომ განვიხილოთ პერსონალური სანქცირება ვინმესი რამის გამო, ეს შეიძლება შეეხებოდეს, როცა საქართველოზეა საუბარი, სამართლებრივ სახელმწიფოზე, მხოლოდ იმ ადამიანს, რომლებსაც გარკვეული დანაშაულებრივი ქმედება აქვთ უშუალოდ ჩადენილი. არ შეიძლება, სანქცია ეხებოდეს ზოგადად ოჯახის წევრს. ეს მიდგომა უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს.

მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი - გერმანიაში მაქვს თავის დროზე ნასწავლი ეს სფერო და პირდაპირ, თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. ეს არის რბილი შეფასება“, - განაცხადა კობახიძე ჟურნალისტებთან.

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ჰკითხეს, მისთვის მორალურად რამდენად მისაღებია ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის შვილის საქართველოში შემოსვლა, რაზეც კობახეძემ პირდაპირი პასუხი არ გასცა და ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის, პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას „მორალურ სახეზე“ ისაუბრა.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იმ ე.წ. პროტესტს, რომელიც ვიხილეთ გუშინ, აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის ესკალაცია, ეს არის ქვეყანაში არეულობის შექმნა პროვოკაციების მოწყობა და საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი. მე საზოგადოებას მინდა, მოვუწოდო, რომ სათანადოდ დააკვირდეს ამ მოვლენებს და სწორი შეფასება მისცეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

თბილისში, 19 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიძის და დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსი ბიზნესმენის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმამ იქორწინა, სადღესასწაულო ღონისძიება კი 20 მაისს, ყვარელში, სასტუმრო-კომპლექს „ყვარლის ტბაში“ იყო დაგეგმილი, თუმცა საზოგადოებრივი პროტესტის გამო ჩაიშალა. პროტესტი მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქორწილზე დასასწრებად თავად სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ვინოკუროვა და მისი მეუღლეც ჩამოვიდნენ. საქართველოს არც შინაგან საქმეთა და არც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

20 მაისს, დილიდან, სასტუმრო „ყვარლის ტბის“ შესასვლელთან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და პოლიციის სხვა დანაყოფების ასობით თანამშრომელი იყო მობილიზებული. დააკავეს სულ მცირე 16 ადამიანი, რომელიც საქართველოში ლავროვის ოჯახის წევრების ვიზიტს აპროტესტებდა.

დღის ბოლოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ლავროვის ოჯახი წავიდა და ქორწილი აღარ გაიმართებოდა. ზურაბიშვილმა მთავრობას მოუწოდა, „საჩქაროდ შემოიტანოს საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ შედგენილი სანქცირებულთა სიები და საზღვარზე იმ სიებით იხელმძღვანელოს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შვილის საზღვარზე შემოსვლა დაადასტურა. მისი თქმით, ქალი ახლა სხვა გვარზეა და მოგვიანებით გაიგეს, რომ ეკატერინა ვინოკუროვა ლავროვის შვილია.

ლავროვის სიძე, ალექსანდრ ვინოკუროვი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული გავლენიანი ბიზნესმენია რუსეთში. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ის ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ახალმა ზელანდიამ, ავსტრალიამ და შვეიცარიამ დაასანქცირეს. 2022 წლის აპრილიდან შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული ეკატერინა ვინეკუროვა, ისევე როგორც მისი დედა, მარია ლავროვა. ეკატერინა ვინოკუროვა აშშ-ის გარდა, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის და უკრაინის მიერ შედგენილ სანქცირებულთა სიებშია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.