საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, კომპანია „მოსკოვსკი ბიზნეს ბროკერიჯ“-ის საშუალებით კლიენტებს სთავაზობს საინვესტიციო ბიზნეს პროექტებს საიმიგრაციო შეღავათებით, მათ შორის, საქართველოში. საიმიგრაციო შეღავათებში იგულისხმება ინვესტიციების მეშვეობით მუდმივი ბინადრობის, სამუშაო ვიზისა და მოქალაქეობის მიღება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
ინფორმაცია რომ ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა.
2022 წლის სექტემბრიდან ოთარ ანზორის ძე ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის მეწარმეების ერთიან სახელმწიფო რეესტრში ფიქსირდება, ხოლო 2022 წლის თებერვლიდან, 50%-იან წილს ფლობს იმავე პერიოდში ჩელიაბინსკის ოლქში დაფუძნებულ კომპანია შპს „მოსკოვსკი ბიზნეს ბროკერიჯ-ში“.
ოთარ ფარცხალაძის გარდა საბროკერო კომპანიას კიდევ ორი დამფუძნებელი ჰყავს - რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ვიქტორია ბოკერია (35%-იანი წილი) და ნიკოლოზ კარტოზია (15%). შპს-ს გენერალური დირექტორი ვიქტორია ბოკერიაა. ორგანიზაციის ოფისი მოსკოვში, ტვერსკაიას ქუჩა N1-ში მდებარეობს.
„მოსკოვსკი ბიზნეს ბროკერიჯ“ ყიდულობს და ყიდის მზა ბიზნესს, საინვესტიციო ბიზნეს პროექტებს, კომერციულ და საცხოვრებელ უძრავ ქონებას და სხვა აქტივებს რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ, ინვესტორებისთვის დამატებითი ფინანსური, ეკონომიკური და საიმიგრაციო შეღავათებით. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საიმიგრაციო შეღავათებში იგულისხმება ინვესტიციების მეშვეობით მუდმივი ბინადრობის, სამუშაო ვიზისა და მოქალაქეობის მიღება აშშ-ში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საქართველოში, რუსეთის ფედერაციაში, ევროკავშირში, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებსა და ლათინურ ამერიკაში. კომპანია კლიენტებს ასევე სთავაზობს ჯანდაცვის ობიექტების პროექტირებას, მშენებლობას, რეკონსტრუქციას და კაპიტალურ რემონტს, სამედიცინო და ტექნოლოგიური კომპლექსების დიზაინსა და მონტაჟს.
ფარცხალაძის კომპანიაშია დასაქმებული 2004-2007 წლებში საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე, 2019-2021 წლებში კი ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი რომან ბოკერია. ვებგვერდზე ის გენერალურ დირექტორად და ბროკერად არის მოხსენიებული, ხოლო მისი შვილი, ვიქტორია ბოკერია მთავარ სპეციალისტად. 2022 წლის დეკემბერში რომან ბოკერია მონაწილეობდა მოსკოვში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს (დუმის) და საქართველოში მოქმედი მოძრაობა „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში, რომლის მონაწილეებმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართეს წინადადებებით - რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგეს და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდეს.
კომპანიაშია დასაქმებული ქართული წარმომავლობის მქონე რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე - კონსტანტინე ტრაპაიძე. ტრაპაიძე იურისტი და მოსკოვის ადვოკატთა კოლეგიის „თქვენი იურიდიული ადვოკატის“ თავმჯდომარეა.
„მოსკოვსკი ბიზნეს ბროკერიჯის“ ვებ-გვერდზე მითითებულია ყველა ქვეყანა, სადაც ის იურიდიულ კომპანიებთან თანამშრომლობით მუშაობს. საქართველოში კომპანია კლიენტებს სთავაზობს საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების, ასევე მზა ბიზნესის შეძენას საქართველოს ბინადრობის ნებართვის და მოქალაქეობის მოპოვების მიზნით. თბილისში მათი პარტნიორი კომპანია 2020 წელს რეგისტრირებული შპს „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯია“. კომპანიის დამფუძნებელი და 65%-იანი წილის მფლობელი რომან ბოკერიაა. წილების დანარჩენ ნაწილს რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე როლანდ ჯობავა (10%) და ბეჟან მაისურაძე (25%) ფლობენ.
2021 წელს „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯსა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმია გაფორმებული, სადაც წერია, რომ „კომპანია დაიტერესებულია საქართველოში არსებული და პერსპექტიული ბიზნეს საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის უზრუნველყოს ინვესტიციების მოზიდვა“. მემორანდუმში, რომელსაც ხელს რომან ბოკერია და ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი ნათელა თურნავა აწერენ, სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას, კომპანიას ხელი შეუწყოს შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად მუშაობდა 2013 წლის 21 ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით. მანამდე ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
2017 წლის იანვარში საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოაქვეყნა ჟურნალისტური მოკვლევა, რომლის მიხედვითაც, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ და მისმა მეუღლემ 2015-2016 წლებში შეიძინეს თბილისში მდებარე 3 ბინა და 4 კომერციული ფართი, ასევე ქალაქ ბათუმში მდებარე ბინა, დაბა ბაკურიანში მდებარე 2 ბინა და ტაბახმელაში, სოფელ წავკისში მდებარე 4 მიწის ნაკვეთი. მანვე 2016 წლის 29 ივნისს იყიდა უძრავი ქონების კომპანია შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის“ 100 % წილიც. შეძენილი ქონების საერთო ღირებულება დაახლოებით 1 130 000 აშშ დოლარს შეადგენდა.
2018 წლის თებერვალში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიამ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიას „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტს” არამართლზომიერად გადასცა ქონება, რაც შესაძლოა გარკვეული კორუფციული გარიგების შედეგი იყო.
მანამდე, 2017 წლის 13 მაისს, თბილისში, ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიას. პროკურატურამ ლაშა თორდიას მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ბრალი კი წარუდგინა ოთარ ფარცხალაძეს და მის თანმხლებ პირს მიხეილ ჩოხელს, მაგრამ სასამართლომ ფარცხალაძე დამნაშავედ არ ცნო.
2022 წელს, ლაშა თორდიას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მისცა.