სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ლაშა თორდიას განცხადებით, ოთხწლიანი პროცესის შემდეგ, მან ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო. თორდიას თქმით, საქმე ეხება ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიერ მასზე თავდასხმას და შემდეგ საქართველოს სასამართლოს მიერ ფარცხალაძის გამართლებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
ლაშა თორდია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2012-2017 წლებში ხელმძღვანელობდა. მას თავს 2017 წლის 13 მაისს, თბილისში, ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ დაესხნენ. დაპირისპირება გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიას, ყოფილ მთავარ პროკურორსა და მის თანმხლებ პირებს შორის მოხდა. თორდია აცხადებდა, რომ თავდასხმის მიზეზი მისი სამსახურებრივი საქმიანობა გახდა.
„ელ ცენტროში“ ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე ვიმყოფებოდი, სადაც სრულიად შემთხვევით შევხვდი ოთარ ფარცხალაძეს მის თანმხლებ პირებთან ერთად.
შეხვედრისთანავე ოთარ ფარცხალაძემ აგრესიულად მომმართა, რატომ ვაგროვებდი მის წინააღმდეგ კომპრომატებს, ასევე, რას ვაპირებდი ვადის გასვლის შემდგომ, როგორ ვაპირებდი ცხოვრების გაგრძელებას.
მე ვუპასუხე, რომ ეს მისი საქმე არ იყო და საერთოდ რატომ მელაპარაკებოდა ამ ტონალობით და ამ ფორმით. ამაზე მისი თანმხლები პირი ძალიან აღელდა და უფრო მეტი აგრესიულობით მომმართა, როგორ ვბედავდი საუბარს და რომ ვკითხე, შენ საერთოდ ვინ ხარ მეთქი, ერთ-ერთმა, მესამე პირმა მგონი, მარჯვენა მხრიდან დამარტყა პირველმა და შემდეგ ეს გადაიზარდა მასობრივ ჩხუბში, ვგულისხმობ იმას, რომ 5 თუ 6 ადამიანი მირტყამდა ყველა მხრიდან“, - ყვებოდა ლაშა თორდია.
მისი ინფორმაციით, აუდიტის სამსახური თბილისის მერიის გეგმიური შემოწმების ფარგლებში, იკვლევდა ფარცხალაძის კუთვნილი სამშენებლო კომპანიისთვის, თბილისის მერიის მიერ, სპეციალური პირობებით მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.
პროკურატურამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, რომელიც ლაშა თორდიას ინტერესებს იცავდა, საგამოძიებო ორგანომ ნაკლები სანქციის მქონე მუხლით გამოძიება იმიტომ დაიწყო, რომ ფარცხალაძისთვის პასუხისგებლობა აერიდებინა ან უფრო ნაკლები პასუხისმგებლობა დაკისრებოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატები ითხოვდნენ, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარმართულიყო, ამ მუხლით დაცული სპეციალური სუბიექტის არსებობის გათვალისწინებით, რაც პროკურატურამ არ გაითვალისწინა.
2018 წლის 5 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის პერიოდში, პროკურატურამ ლაშა თორდიას მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ბრალი წარუდგინა ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით. სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, ბრალდებულებს 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ფარცხალაძე დანაშაულს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ პროვოკაციის მსხვერპლი იყო.
ლაშა თორდიას ადვოკატები საქმისთვის ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაციის მიცემას ითხოვდნენ, რადგან ორი პირი მონაწილეობდა. პროკურატურამ არც ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
მომხდარიდან თითქმის 4 წლის შემდეგ, 2021 წლის 21 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმეზე დამნაშავედ ცნო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი, რომელიც ინციდენტისას თან ახლდა ფარცხალაძეს. მას 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა, ხოლო ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გამართლდა. პროკურატურამ განაჩენი გაასაჩივრა. თორდიას ადვოკატის ეკა ქობესაშვილის თქმით, პროკურატურა ითხოვდა ფრაცხალაძე ცემის საქმეზე დამნაშავედ ყოფილიყო ცნობილი 126-ე მუხლით, თუმცა ეს მუხლი არ ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას. სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა განაჩენი უცვლელი დატოვეს.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად მუშაობდა 2013 წლის 21 ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით. მანამდე ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
2017 წლის იანვარში საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოაქვეყნა ჟურნალისტური მოკვლევა, რომლის მიხედვითაც, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ და მისმა მეუღლემ 2015-2016 წლებში შეიძინეს თბილისში მდებარე 3 ბინა და 4 კომერციული ფართი, ასევე ქალაქ ბათუმში მდებარე ბინა, დაბა ბაკურიანში მდებარე 2 ბინა და ტაბახმელაში, სოფელ წავკისში მდებარე 4 მიწის ნაკვეთი. მანვე 2016 წლის 29 ივნისს იყიდა უძრავი ქონების კომპანია შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის“ 100 % წილიც. შეძენილი ქონების საერთო ღირებულება დაახლოებით 1 130 000 აშშ დოლარს შეადგენს.
2018 წლის თებერვალში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიამ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიას „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტს” არამართლზომიერად გადასცა ქონება, რაც შესაძლოა გარკვეული კორუფციული გარიგების შედეგი იყო.