საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის დღევანდელი განცხადება „აბსოლუტურად უაზროა“ და საბანკო სექტორს არ აძლევს მკაფიო მითითებას, უნდა შეასრულონ თუ არა, საერთაშორისო სანქციები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გოცირიძემ განაცხადა, რომ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის სანქციების გვერდის ავლა ან რაიმე მიზეზით არ დაცვა, ქვეყანაში ფინანსურ კოლაფსს გამოიწვევს.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ წარმომადგენელს და ასევე, რუსეთის აგენტურის, ე.წ. „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლებს. ეს არის უპრეცედენტო ხასიათის სანქცია. ის განსხვავდება თუნდაც იმ მძიმე სანქციისგან, რომელიც გამოყენებული იქნა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ, ვინაიდან ეს არის ამერიკის ხაზინის, ანუ ფინანსთა სამინისტროს სანქცია და გარდა ამისა, ეს ოთხი ადამიანი შეყვანილია მაგნიტსკის გლობალურ სიაში. ამაზე მძიმე სანქცია არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა მოხდეს დედამიწის ზურგზე, ეს ხალხი სამუდამოდ დარჩება მაგნიტსკის სიაში, იმ სიაში, რომელიც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას ასახავს.
ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ უნდა მიეცა მითითება საფინანსო სისტემისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლა ან რაიმე ფორმით, რაიმე მიზეზით მისი არ დაცვა, გამოიწვევს ქვეყნის ფინანსურ კოლაფსს. ქართული ბიზნესი ვერცერთ ცენტს ვერ გადარიცხავს უცხოეთში, თუკი გაგრძელდა ბანკებზე ზეწოლა.
ჩვენ მოვისმინეთ ეროვნული ბანკის აბსოლუტურად უაზრო განცხადება. ერთი მხრივ, იგი ამბობს, რომ, თურმე, საქართველოში სანქციების აღსრულება მოხდება საქართველოს მოქალაქეების მიმართ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, მეორე მხრივ კი, ამბობს, რომ საქართველოს კომერციული ბანკები დაიცავენ საერთაშორისო სანქციების წესებს. რა უნდა გაიგოს ამ განცხადებიდან საქართველოს საბანკო სისტემამ? - დაიცვან საერთაშორისო ნორმები სანქციებთან დაკავშირებით, ანუ მომენტალურად შეუწყვიტონ ანგარიშები ამ ადამიანებს და მათთან დაკავშირებულ ბიზნესებს, თუ დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას, როდის გაასამართლებს დამნაშავე პოლიციელებს თუნდაც იმ თავდასხმების გამო, რაც პარლამენტის წინ მოახდინეს რამდენიმე თვის წინ? კეთილი ინებოს, გამოვიდეს ეროვნული ბანკი და გააკეთოს ნათელი განცხადება“, - თქვა გოცირიძემ.
ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული ბანკები ემსახურებენიან არა მხოლოდ სანქცირებულ პირებს, არამედ მათთან დაკავშირებულ ბიზნესებსაც.
„განცხადება უნდა გააკეთონ „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისი ბანკმა“, სადაც ამ პირებს სახელფასო ანგარიშები აქვთ გახსნილი და „ვიზა“ და „მასტერქარდ“ ბარათებით სარგებლობენ, ასრულებენ თუ არა საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს. ამ ადამიანებს აქვთ ბიზნესები. 50%-იანი წილის მფლობელია ერთ-ერთი მათგანი [ზვიად ხარაზიშვილი] დაცვის სამსახურ „სარანგში“. სად აქვს ამ „სარანგს“ ანგარიშები გახსნილი? ეწევა თუ არა უცხოეთში გადარიცხვებს ტექნიკის, დაცვის სისტემების შესაძენად? რატომ მაუწყებლობს „ალტ-ინფო“? გუშინ მე მივმართე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რატომ არ მოახდინა მომენტალურად რეაგირება და არ აღასრულა სანქცია, რადგან [კონსტანტინე] მორგოშიას მამიდა ფლობს 50%-იან წილს „ალტ-ინფოში“. უამრავი საკითხია დაგროვილი და ამ ყველაფრის დაუყოვნებლივ, საერთაშორისო წესების შესაბამისად არ გადაწყვეტამ, შეიძლება, ქართული ბიზნესი დააყენოს უდიდესი რისკის ქვეშ“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
16 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციების ძალადობრივი ჩახშობის გამო, ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების ორ წარმომადგენელს - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“ და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. ფინანსური სანქციები შეეხოთ მშვიდობიან დემონსტრაციებზე ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორებს, „ალტ-ინფოს“ ლიდერებს - კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძესაც.