„მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ აღადგინონ სასწავლო პროცესი“ - წულაძე პროტესტს გამოეხმაურა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის არალეგიტიმური მინისტრის, ალექსანდრე წულაძის განცხადებით, საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება მიუღებელია. ასე უპასუხა წულაძემ საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში პროტესტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩემთვის როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისთვის, მიუღებელია ზოგადად საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება. ჩვენ როგორც სახელმწიფო უზრუნველვყოფთ და უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ შევიდეს პოლიტიკა ჩვენი მხრიდან საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ასევე, ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ საგანმანათლებლო სივრცე, რომ არ შევიდეს პოლიტიკა არც ოპონენტების მხრიდან სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ეს არის ჩვენი ვალდებულება და მეორე მხრივ, უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების ვალდებულებაც, რომ მათ უზრუნველყონ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია ავტორიზაციის პროცესში და უშუალოდ ხელშეკრულებებში.

საგანმანათლებლო დაწესებულებები, სკოლებიც და უნივერსიტეტებიც დაფინანსებას იღებენ ზუსტად იმიტომ, რომ მათ უნდა უზრუნველყონ ეს პროცესი შეუფერხებლად. ჩვენი და ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ ამ პროცესის შეფერხება ამ ვალდებულების დარღვევაა, რაც არაფრით არ იქნება ჩვენი მხრიდან მოწონებული. პირიქით, ჩვენ მათ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ აღადგინონ სასწავლო პროცესები და გააგრძელონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება, როგორც ეს მოეთხოვებათ“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

შეკითხვის საპასუხოდ მან დაამატა, რომ განათლების სამინისტროში არ აქვთ ინფორმაცია, რამდენი მასწავლებელია დღეს გაფიცული. „ჩვენ ვიცით, რომ რაღაც სკოლებში დღეს არ არის მაღალი დასწრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სასწავლო პროცესი ჩაიშალა ან არ მიმდინარეობს“, - აღნიშნა მან.

საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებისა და სტუდენტების ნაწილი გაიფიცა. ისინი აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ და საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში შესვლაზე უარს ამბობენ.

28 ნოემბერს, საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. განათლების სისტემაში დასაქმებულმა ათასზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის მასწავლებლებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლითაც ისინი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან. ირაკლი კობახიძის შეფასებით, მათ წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვთ.

„მე ვეთანხმები [ირაკლი კობახიძეს] და ჩემი აზრიც არის, რომ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოების ნაწილს მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებების წაკითხულის შინაარსის გააზრება ან შეგნებულად, ან შეუგნებლად უჭირს, ან სპეციალურად ამას არ ახდენენ. მათი მხრიდან ის ინფორმაცია, რომელსაც მმართველი ძალა ავრცელებს ხშირად არ არის აღქმული სწორად“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.