მსოფლიო ლიდერები დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავლნის დაღუპვას ეხმაურებიან. ერთ-ერთი პირველი, ვინც განცხადება გააკეთა, ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი იყო. მისი თქმით, ნავალნი რუსეთის ხელისუფლებამ მოკლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ალექსეი ნავალნიზე, როგორც პოლიტიკოსზე, ის ახლახან სასტიკად იქნა მოკლული კრემლის მიერ. ეს ფაქტია და ეს არის ის, რაც უნდა იცოდეთ რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის ნამდვილი ბუნების შესახებ. ვუსამძიმრებ ოჯახსა და მეგობრებს“, - განაცხადა რინკევიჩმა.
რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ ევროკავშირის ლიდერებიც:
„ალექსეი ნავალნი იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასეულობებისთვის. ის თავის იდეალებს შეეწირა. ევროკავშირი ამ ტრაგიკული სიკვდილისთვის სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს. დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველას, ვინც უმძიმეს პირობებში იბრძვის დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში. მეომრები კვდებიან. მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლა არასოდეს მთავრდება“, - განაცხადა შარლ მიშელმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
„შოკირებული ვარ ალექსეი ნავალნის, ძალიან მამაცი კაცის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. მან სიცოცხლე მიუძღვნა რუსეთის ღირსების გადარჩენას და იმედი მისცა დემოკრატებს და სამოქალაქო საზოგადოებას. სანამ დამატებით ინფორმაციას ველოდებით, ნათლად უნდა ვთქვათ: ეს მხოლოდ პუტინის პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელიმ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
„ეს არის საზარელი შეხსენება იმისა, თუ რა არის პუტინი და მისი რეჟიმი. მოდით გავერთიანდეთ ჩვენს ბრძოლაში, რათა დავიცვათ მათი თავისუფლება და უსაფრთხოება, ვინც ბედავს ავტოკრატიის წინააღმდეგ წასვლას“, - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ნავალნის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. მისი განცხადებით, ნავალნი რუსეთში დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდასაჭერად იბრძოდა. „როგორც ჩანს, თავისი სიმამაცე სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ეს საშინელი ამბავი კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა რუსეთი და როგორი რეჟიმია მოსკოვში ხელისუფლებაში“, - აღნიშნა შოლცმა.
„ცხადია, ის მოკლა პუტინმა“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს არ აინტერესებს ვინ მოკვდება, მთავარია მან თავისი პოზიცია შეინარჩუნოს.
„სწორედ ამიტომ მან ვერაფერი ვერ უნდა შეინარჩუნოს. პუტინმა უნდა წააგოს, უნდა დაკარგოს ყველაფერი და პასუხი აგოს იმისთვის, რაც გააკეთა“, - თქვა ზელენსკიმ.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, დღევანდელ რუსეთში თავისუფალ სულებს გულაგში აგზავნიან და სიკვდილით სჯიან. „პატივს მივაგებ ალექსეი ნავალნის ხსოვნას, მის თავდადებას, მის გამბედაობას“, - აღნიშნა მაკრონმა.
მომხდარს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ალექსეი ნავალნის გარდაცვალება ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დამცველთათვის. „ვუსამძიმრებ ოჯახს და რუსეთში მყოფ იმ ადამიანებს, ვინც აგრძელებს მის ბრძოლას დემოკრატიისთვის“, - დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ალექსეი ნავალნი წლების განმავლობაში იყო დემოკრატიისა და თავისუფლების ხმა.
„NATO და მისი მოკავშირეები დიდი ხანი ითხოვდნენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სიკვდილის მიზეზებთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაციას არ ვფლობთ, ამიტომ აუცილებელია, რომ ფაქტები დადასტურდეს. რუსეთს ძალიან ბევრ სერიოზულ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. რუსეთი უფრო და უფრო ავტორიტარული ძალა ხდება. ის დევნის და ავიწროვებს ოპოზიციონერებს მათ ქვეყანში. ვუსამძმრებ მის ოჯახს. ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველას, ვინც დგას დემოკრატის და თავისუფლების მხარეს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
„საშინელი ამბავია. როგორც რუსეთის დემოკრატიის ყველაზე გულმხურვალე დამცველი, ალექსეი ნავალნი ავლენდა წარმოუდგენელ სიმამაცეს მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში. ფიქრებით ვარ მის მეუღლესთან და რუსეთის ხალხთან, რომლისთვისაც ეს უზარმაზარი ტრაგედიაა“, - ამბობს რიში სუნაკი,დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.
„ღრმად შოკირებული ვარ ალექსეი ნავალნის სიკვდილით. მოვითხოვთ მისი გარდაცვალების გარემოებების გარკვევას“ - განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა. მან აღნიშნა, რომ რუსი ოპოზიციონერი უკანონოდ, პოლიტიკური მიზეზების გამო იყო პატიმრობაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც თქვა, რომ ნავალნის ციხეში სიკვდილზე რუსეთის ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.
დღეს, 16 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სამწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხეში გარდაიცვალა. სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ პატიმარმა გასეირნების შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და თითქმის მაშინვე გონება დაკარგა. „ჩატარდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ ამან დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს. გარდაცვალების მიზეზები დგინდება“, - აცხადებს უწყება.
ნავალნის 19 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. 2023 წლის ბოლოდან ის სასჯელს განსაკუთრებული რეჟიმის კოლონია Полярный волк-ში („პოლარული მგელი“) იხდიდა. აღნიშნული კოლონია ხარპის დასახლებაში, იამალის ნახევარკუნძულზე, ციმბირში მდებარეობს.