სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე იპოვეს ცნობილი ქართველი მთამსვლელის, 34 წლის არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, - ვკითხულობთ შს სამინისტროს მიერ დღეს, 12 აგვისტოს, გავრცელებულ განცხადებაში.
არჩილ ბადრიაშვილი შხელდაზე ექსპედიციაში კიდევ სამ მთამსვლელთან ერთად იმყოფებოდა. მათი მონათხრობის თანახმად, 10 აგვისტოს, როდესაც მწვერვალიდან ქვემოთ ეშვებოდნენ, ამინდი გაუარესდა, არჩილთან ახლოს მეხი დაეცა, რის გამოც ის ქედიდან გადავარდა.
ექსპედიციაში მყოფმა მისმა მეგობრებმა იმავე დღეს შეძლეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შეატყობინეს, რომ გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდათ. მესტიის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მთამსვლელები, შხელდას მიმართულებით, შეტყობინების მიღებისთანავე, დაახლოებით 17-18 საათზე გაემგზავრნენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციაში მხოლოდ მეორე დღეს, 11 აგვისტოს დილით ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედიასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა გამოცემა „მთის ამბებს“ უთხრა, რომ 10 აგვისტოს, საღამოს სვანეთში ცუდი ამინდი იყო, წვიმა და სეტყვა, რის გამოც ფრენა არ შეიძლებოდა, რასაც ადგილობრივი მცხოვრებლები არ ადასტურებენ. მათი თქმით, საღამოს, ვიდრე დაღამდებოდა, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში, აღარ წვიმდა, აღარც ჭექა-ქუხილი იყო და არც ნისლი.
ექსპედიციის ცოცხლად გადარჩენილი სამი წევრი მესტიაში უვნებლად 11 აგვისტოს, დილით, გადმოიყვანეს, თითქმის ნახევარ დღეზე მეტი ვერტმფრენი გაჩერებული იყო და ის ხეობაში მეორედ მხოლოდ მაშინ შეფრინდა, როცა საავიაციო საწვავით დატვირთული მანქანა სვანეთში ავიდა და მფრინავებმა მარაგი შეივსეს. შსს-ში არ განმარტეს, სვანეთში ჩასული ვერტმფრენი რამდენიმე საათის განმავლობაში რატომ იყო გაჩერებული.
არჩილ ბადრიაშვილს ალპინიზმის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მიღებული. მას, ბაქარ გელაშვილსა და გიორგი ტეფნაძეს 2022 წელს გადასცეს „ოქროს წერაყინი“. ქართველმა მთამსვლელებმა ჯილდო დაიმსახურეს 7303 მეტრი სიმაღლის მწვერვალის დაპყრობით, სადაც მანამდე ფეხი არავის დაუდგამს და რომელიც ერთ-ერთ ურთულეს მარშრუტად მიიჩნევა. მწვერვალი „სარაგრარი ჩრდილო-დასავლეთი“ (Saraghrar Northwest) პაკისტანის დასავლეთით, ავღანეთის საზღვართან მდებარეობს. მწვერვალზე ასვლა 1970-80-იან წლებში სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. არჩილ ბადრიაშვილმა (გიორგი ტეფნაძესთან ერთად) 2019 წელს დალაშქრა პაკისტანში, ყარაყორუმის მთათა სისტემის მწვერვალი - ნანგა პარბატი, რომლის სიმაღლეც 8 126 მეტრია და ტექნიკურად რთული და თოვლიანი ფერდებით არის გამორჩეული.