საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მზად არის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე იყოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 3 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
„ვაპირებ, სათავეში ჩავუდგე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ, ბორდს. ვიყო ამ ბორდის თავმჯდომარე, თუ ამას დაუჭერენ მხარს პარტიის რიგითი წევრები. ბორდში შემოვლენ პარტიის ლიდერები, მაგრამ ასევე საზოგადოებრივი მოღვაწეები. მე მზად ვარ, ამ არჩევნებში ვიყო ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე. აქ წყდება საქართველოს ყოფნა არყოფნის საკითხი“, - განაცხადა სააკაშვილმა დღეს, 9 თებერვალს, კლინიკა „ვივამედიდან“ საქალაქო სასამართლოში პროცესზე ჩართვისას.
მისი თქმით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც უშუალოდ ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში, როგორც „ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვების პლატფორმის“ წარმომადგენელი.
„რა თქმა უნდა, მე ვრჩები უკრაინის ლოიალურ მოქალაქედ. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მინდა, ყველას შევახსენო, რომ ბიძინა ივანიშვილი კენჭს იყრიდა როგორც ევროკავშირის მოქალაქე და ეს პრეცედენტი საქართველოში არსებობს. ასე რომ, ამ პრეცედენტის გათვალისწინებით, მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მთავარია, ძალიან ბევრი ხალხი მოემზადოს არჩევნებზე მისასვლელად. ძალიან განწყობილი ვარ ამ ბრძოლისთვის, როგორი ფიზიკური პრობლემებიც არ უნდა მქონდეს“, - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
სააკაშვილი მიესალმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით ევროპისთვის „ერთიანი პლატფორმის“ შექმნის შესახებ, თუმცა თქვა, რომ ახლა დისკუსიების დრო აღარ არის:
„მე არ ვაპირებ მოქმედი პრეზიდენტისთვის ჭკუის დარიგებას. უბრალოდ გეტყვით, რომ მის ადგილზე რომ ვიყო, მე სახალხო პლატფორმას გამოვიტანდი ქუჩაში, შენობაში ერთსა და იმავე ხალხთან შეხვედრა არის ერთ წრეზე ტრიალი. თავისუფლების მოედანი დაპატარავდა სპეციალურად, რომ სივრცე შეამცირეს. იპოდრომი, ის, რაც ქალბატონი სალომესთვის ნაცნობი ადგილია, პრაქტიკულად აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს რუსთაველი, რომლის გავსებაც შესაძლებელია. თუ ქალბატონი სალომე აიღებს ამ ინიციატივას, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ“.
მიხეილ სააკაშვილს დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მესამე პრეზიდენტი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის - ე.წ. „პიჯაკების“ საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება, პუტინის ტყვეა.
სააკაშვილი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2022 წლის 12 მაისიდან ის სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული.