მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ჟურნალისტებმა კოლეგის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. აქცია „ქართული ოცნების“ მთავრობის სხდომის პარალელურად გაიმართა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ჟურნალისტები პროკურატურას მოუწოდებენ, მზია ამაღლობლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლა მოითხოვოს.

„მზია ამაღლობელის პატიმრობა დაუსაბუთებელია. ის დემონსტრაციულად დასაჯეს მხოლოდ თავისი პროფესიული საქმიანობის გამო და იმის გამო, რომ ყველა რეჟიმის დროს იცავდა დერმოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას. გონი თუ შერჩათ, სააპელაციო სასამართლომ გამოასწოროს პირველი ინსტანციის მიერ დაშვებული შეცდომა. დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია!

მზიას პოლიციის განყოფილებაში შეაფურთხეს, დაამცირეს, შეეცადნენ, რომ ეცემათ და ეს ფაქტი ვერ დარჩება გამოუძიებელი, ვერ დარჩება რეაგირების გარეშე. დაუყოვნებლივ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას და დამნაშავეების დასჯას“, - თქვა გამოცემა „პუბლიკის“ რედაქტორმა, ლიკა ზაკაშვილმა.

აქცია გაიმართა ბათუმში, აჭარის პროკურატურასთანაც. აქციის მონაწილეებმა იქაც მოითხოვეს უფლებამოსილება შეუჩერდეს ბათუმის პოლციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს იქამდე, ვიდრე არ იქნება გამოძიებული მზია ამაღლობლის მიმართ ძალადობის და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რომელსაც მის დაკავებამდე და დაკავების შემდეგ ჰქონდა ადგილი.

ჟურნალისტები დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მივლენ და სამსახურის ხელმძღვანელთან კოკა კაციტაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე პლაკატის გაკვრის გამო მოხდა. დაახლოებით ორ საათში ის და კიდევ სამი ქალი აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე ხელმეორედ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის საბაბით. სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან შეხვედრის უფლებას არ აძლევდნენ.

„ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას თავად ბათუმის პოლიციის უფროსიც აგინებდა და ემუქრებოდა: „სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

როგორც მზია ამაღლობელი ამბობს, ირაკლი დგებუაძე პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა და სახეში შეაფურთხა. ჟურნალისტმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აცნობა ისიც, რომ დგებუაძის ბრძანებით, გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.

14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მზია ამაღლობელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

15 იანვარს ადვოკატებმა მოსამართლე სახელაშვილის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა დღემდე უცნობია, ცნო თუ არა სასამართლომ საჩივარი დასაშვებად.

მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალი - პოლიციელზე თავდასხმა - 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.