ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ სახეში შეაფურთხა. ამაღლობელმა ამის შესახებ ინფორმაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარეს, ნონა ქურდოვანიძეს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა. საია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- 6 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით მზია ამაღლობელი რუსთავის N5 დაწესებულებაში დღეს გამოკითხა. პროცესს ნონა ქურდოვანიძე ესწრებოდა.
„მზია ამაღლობელმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.
მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა.
ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
საია სპეციალურ საგამოძებო სამსახურს მოუწოდებს, სათანადო კვალიფიკაციით დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე პლაკატის გაკვრის გამო მოხდა. დაახლოებით ორ საათში ის და კიდევ სამი ქალი აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე ხელმეორედ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის საბაბით. სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან შეხვედრის უფლებას არ აძლევდნენ.
„ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას თავად ბათუმის პოლიციის უფროსიც აგინებდა და ემუქრებოდა. „სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“, - ისმის ვიდეოში.
14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მზია ამაღლობელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000 ლარის ფარგლებში გირაოს სანაცვლოდ ამაღლობელის გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა, მოსამართლემ არ გაითვალისწინა არც ადვოკატების არგუმენტები და არც ბრალდებულის განცხადება, რომ ის პასუხისმგებლობას არ გაურბის და ისურვებდა, „სასამართლოსთან პატიმრობის მიღმა“ ეთანამშრომლა.
მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალი - პოლიციელზე თავდასხმა - 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება.
დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ამაღლობელის დაპატიმრებას კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად, სამაგალითო დასჯად მიიჩნევენ.