პროკურატუირამ ონლაინგამოცემების, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო პროცესი უახლოესი 24 საათის განმავლობაში უნდა გაიმართოს. ადვოკატების ინფორმაციით, მზია ამაღლობელი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. მისი საქმის პროკურორი თორნიკე გოგეშვილია. ის ბრალის წარდგენას არ დასწრებია.
„საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია. სავარაუდოდ, მოვითხოვთ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების, გირაოს გამოყენებას. ბრალი წარდგენილია პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია. იყო მოლოდინი, რომ შეიძლებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შეედგინათ ოქმი, რაც არ მოხდა. მე ვესწრებოდი აქციას და რასაც ვუყურებდი, იქ მზია ამაღლობელის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა. გავეცნობით საქმის მასალებს, რა მტკიცებულებები აქვთ“, - თქვა დაკავებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა, პაატა დიასამიძემ. ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი უკვე მიანიჭა ბათუმის პოლიციის უფროსს.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს, ღამით, აჭარის პოლიციის მმთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად ის აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა სამმართველოს შენობის კედელზე პლაკატის - წარწერით „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“ - გაკვრის გამო. მანამდე, ამავე საბაბით სამმართველოსთან მიმდინარე აქციის სხვა მონაწილეების დაკავებაც მოხდა. ამაღლობელი და კიდევ სამი ქალი აქტივისტი დაახლოებით ორ საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
მზია ამაღლობელი მიმდინარე აქციაზე დარჩა. „ბათუმელების“ ცნობით, პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა აქციის ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე მონაწილე. ორივე დაკავებული ამაღლობელის ახლობლები იყვნენ. პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო. დაძაბულობის დროს, მზია ამაღლობელი ხელმეორედ დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით.
ონლაინგამოცემების ხელმძღვანელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, რაც დაცვის უფლების დარღვევაა. სახალხო დამცველის წარმომადგენელს მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი.
დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების შეფასებით, მზია ამაღლობელის დაკავება „წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაციაა“ და „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელზეც დაკავებაა აღბეჭდილი, არ არის სრულყოფილი, დამუშავებულია და არ ასახავს ადგილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილს.
დღეს, 13 იანვარს, 19:00 საათზე, ბათუმის იზოლატორთან, მედიის წარმომადგენლები აქციას გამართავენ და მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
