სასამართლო განჩინების მიუხედავად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) დამატებითი გამოცდის დანიშვნაზე უარი უთხრა აბიტურიენტს, რომელიც ისტორიის გამოცდაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო უწყება თავის ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, აბიტურიენტი ერთ სასწავლო წელს დაკარგავს. აბიტურიენტის დედამ პროტესტის ნიშნად, შიმშილობა დაიწყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
გამოცდების ეროვნულ ცენტრს ისტორიის დამატებით გამოცდაზე აბიტურიენტის დაშვება თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 ივლისის განჩინებით დაევალა. ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, რომელიც აბიტურიენტის ინტერესებს იცავს, 28 ივლისს განჩინების დაუყონებლივ აღსრულება მოითხოვა, რაზეც 2 აგვისტოს, სახელმწიფო უწყებამ უარი თქვა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს უკვე ჩაატარა.
იურისტები მიიჩნევენ, რომ გეგმური დამატებითი გამოცდის ჩატარება ცენტრს არ ათავისუფლებს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დამატებითი გამოცდის ჩატარების ვალდებულებისგან.
„დღეს პირველად თქვა, ჩემს მეხსიერებაში, სახელმწიფო ორგანომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი. NAEC-მა აბიტურიენტს მიწერა, რომ არ შეასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას – მიზეზი სამართლებრივად უმნიშვნელოა, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული.
ეს არის არა ერთი აბიტურიენტის ან ერთი გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, არამედ ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე დარტყმა. ერთი პრეცედენტის დაშვებაც კი, სასამართლოს გადაწყვეტილების უპატივცემულობისა, საფრთხეს უქმნის ყველა სხვა გადაწყვეტილებას რომ არ აღსრულდეს. რატომ აღასრულოს სხვამ გადაწყვეტილება თუ თვით ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი თქვა? ძალიან სერიოზული სამართლებრივი კრიზისის დასაწყისია ეს“, - ამბობს იურისტი ანა არგანაშვილი.
18 წლის აბიტურიენტმა, რომელმაც საკუთარი განათლების უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ორი გამოცდა ჩააბარა. 17 ივლისს, ისტორიის გამოცდაზე გასვლა კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო ვერ შეძლო. საქმის მასალების თანახმად, 16 ივლისს აბიტურიენტს ჰქონდა კბილის ძლიერი ტკივილი, შეშუპება და ტემპერატურა. სტომატოლოგთან ვიზიტის შედეგად საჭირო გახდა კბილის ოპერაციული ექსტრაქცია (ამოღება). 17 ივლისს, ისტორიის გამოცდის დღეს, აბიტურიენტს ჰქონდა 40 გრადუსამდე ტემპერატურა, სხეულის სისუსტე, ალერგია ექიმის მიერ დანიშნულ ანტიბიოტიკზე, ადგომაც უჭირდა. ექიმის შეფასებით, მისთვის შეუძლებელი იყო კონცენტრაცია, ფიზიკური მოძრაობა, მათ შორის, გამოცდაზე გამოცხადება. აბიტურიენტის დედამ გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართა და შვილის დამატებით გამოცდაზე დაშვება მოითხოვა, რასთან დაკავშირებითაც ცენტრიდან პასუხი ვერ მიიღო.
საქართველოს განათლებისა და მაცნიერების მინისტრის ბრძანებით, აბიტურიენტს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება თუ მან გამოცდაზე გამოცხადება ვერ შეძლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთ დღე-ღამით ყოფნის, ან დაუძლეველი ძალის გამო. აბიტურიენტის ადვოკატებმა სასამართლოში განმარტეს, რომ ერთ-ერთი გარემოება, რის გამოც ოჯახმა აბიტურიენტის სტაციონარულ დაწესებულებაში გადაყვანა ვერ შეძლო, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 საათში, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, დააკმაყოფილა აბიტურიენტის და მისი ადვოკატების განცხადება დროებითი განჩინების მიღების თაობაზე. მოსამართლე ციცინო როხვაძემ განმარტა, რომ აბიტურიენტს ნამდვილად ჰქონდა ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა, რომელიც მას არ აძლევდა გამოცდაზე გამოცხადებისა და საგამოცდო საკითხებზე კონცენტრირების საშუალებას. მოსამართლემ გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაავალა, უზრუნველეყო აბიტურიენტის დაშვება ისტორიის დამატებით გამოცდაზე.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ გამოცდების ეროვნულ ცენტრს მოუწოდებს, უზრუნველყოს აბიტურიენტის განათლების, საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დაცვა და მისცენ საშუალება, ისტორიის დამატებითი გამოცდა დაწეროს.